იტალიის ქალაქ ოლბიაში გრძელდება ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის მეორე საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის უმედლოდ დასრულდა. ამჯერად ასპარეზობაში სამი ქართველი ჩაერთო, სამივე შემთხვევაში ქალთა შორის, მაგრამ მაქსიმუმი მეორე წრეში გასვლა აღმოჩნდა.
57 კგ წონით კატეგორიაში რეგინა უთნელიშვილმა იტალიელი ფრანჩესკა კარა დაამარცხა, მაგრამ შემდეგ ყირგიზ ადინა კოჩკონბაევასთან თვითონ წააგო. ამავე წონაში ნინო ლოლაძემ პირველივე შეხვედრაში ნატალია ელკინასთან მარცხი განიცადა. 63 კგ წონით კატეგორიაში კი ინდირა სილაგაძემ ინდოელ უნატი შარმას აჯობა, მაგრამ მერე უნგრელ სოფი ოზბასთან წააგო.
შეგახსენებთ, საქართველოს აქტივში ამ დროისთვის ერთი ოქროს მედალია, რომელიც 60 კგ წონით კატეგორიაში გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა, ხოლო 8-9 ოქტომბერს ტატამიზე 7 ქართველი ძიუდოისტი გავა.