ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე სეზონი დასასრულს უახლოვდება და სულ უფრო აქტუალური ხდება ძრავების ლიმიტი. მაქს ფერსტაპენმა ეს ლიმიტი სოჭში დაარღვია და ამის გამო, სტარტზე ადგილები დაკარგა. ძრავი შეუცვალეს ვალტერი ბოტასსაც. და როგორეც ჩანს, ამ პროცედურას ვერც ლუის ჰამილტონი გადაურჩება.
„მერსედესი“ ადრე ირწმუნებოდა, რომ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონს, სეზონის სამი ძრავით დასრულება შეეძლო. მაგრამ რაც ნაკლები რბოლა რჩება, მით მეტი მნიშვნელობა ენიჭება ყოველ დაკარგულ ქულას. ძრავის გამო ფინიშამდე ვერ მიღწევა კი ტიტულისთვის ბრძოლისას წაგების ტოლფასია. ეს გარემოება კი „მერსედესს“ რისკისგან თავის არიდებას აიძულებს.
მაგრამ მთავარი საკითხია - სად შეუცვლიან სამქიმიანები ჰამილტონს ძრავს.
სკაი სპორტსთან საუბრისას, „მერსედესის“ შეფმა ტოტო ვოლფმა განცხადა, რომ დიდი ალბათობით, ჰამილტონის მანქანაზე ახალ ძრავს სწორედ თურქულ ეტაპზე დააყენებენ. ოღონდ, ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა. „ეს შესაძლებელია. მაგრამ რა მომენტში სჯობს შეცვლა, ეს ჯერ არ გადაგვიწყვეტია“, - ამბობს ვოლფი.
„ამ ეტაპზე, ჩვენ ყველაზე მეტად, ტექნიკური მიზეზით, რბოლის ვერდამთავრება გვაშინებს. არაუშავს, თუ რბოლას მეორე ან მესამე დაამთავრებ. ეს ნორმალურია, ჩემპიონატი დიდხანს გრძელდება. მაგრამ თუ ფინიშს ვერ მიაღწევ, ეს შეიძლება კატასტროფა იყოს“, - დასძენს ავსტრიელი.
ვოლფი ამბობს, რომ ამ ეტაპზე, გუნდის ინჟინრები დარჩენილ ორ ძრავს ამოწმებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ ორივე მუშაობას შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ იმ ძრავმა, რომელიც მწყობრიდან არის გამოსული, 5000 კილომეტრი გაიარა. თუ ჰამილტონი დარჩენილ ორს სეზონის ბოლომდე იმყოფინებს, მათ 4-4 ათასი კილომეტრის გავლა მოუწევთ. პირველი ძრავის რესურსიდან გამომდინარე, ეს სრულებით შესაძლებელია. თუმცა რაც დრო გადის, აგრეგატების დაზიანების შანსიც იზრდება.
არსებობს კიდევ ერთი ფაქტორი: გუნდმა დაადგინა, რომ რესურსის ამოწურვასთან ერთად, ძრავი სიმძლავრესაც კარგავს. ეს ნიშნავს, რომ ბოლო, გადამწყვეტ ეტაპებზე, ჰამილტონს შეიძლება სიმძლავრის დეფიციტი შეექმნას, რაც ფერსტაპენს უპირატესობას მიანიჭებს...