ფეხბურთი

13:53 | 6.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კიელინი: "იტალია რასისტული ქვეყანა არაა, ამიტომ, მრცხვენია, რაც მოხდა"

უეფას ერთა ლიგის ნახევარფინალში იტალიის ნაკრები ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ „სკუადრა აძურას“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ესპანეთს ძალიან დიდ პატივს სცემენ.

„ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან გამარჯვება ჯერ კიდევ ჩემს გონებასა და გულშია აღბეჭდილი. ესპანეთს დიდ პატივს ვცემთ და თამაშის სხვადასხვა ფაზები უკეთ უნდა ვმართოთ. ესპანეთის ნაკრებთან ევრო 2020-ზე გამარჯვება ყველაზე კარგი მოგონებაა, ხოლო ყველაზე ცუდი 2012 წლის ევროპის ჩემპიონატს ფინალს უკავშირდება. ევრო 2016-ზე კი ჩვენ ესპანეთთან ერთ-ერთი ყველაზე დომინანტური ფეხბურთი ვითამაშეთ.

იბრაჰიმოვიჩის მსგავსად 40 წლამდე თამაში? ბედნიერი ვარ ყველაფრისთვის, რასაც ვახერხებ, ზლატანი სხვაგანაა. ფეხბურთის სიბერისგან სრულ სიამოვნებას ვიღებ და შემდეგ ვნახოთ სადამდე მივალ.

კულიბალიზე რასისტული შეურაცხყოფა? მრცხვენია, როგორც იტალიელს და როგორც ტოსკანელს, თუნდაც იმიტომ, რომ ჩემთვის იტალია რასისტული ქვეყანა არ არის. ეს არის მიუღებელი, გვჭირდება კანონები და წესები, რომელსაც გამოვიყენებთ“, - თქვა კიელინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ესპანეთის მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.

0.060978