მონაკოს დიდი პრიზის ორგანიზატორებმა და ფორმულა 1-ის ხელმძღვანელობამ მიაღწიეს შეთანხმებას, რომლის შესაბამისადაც, მომავალ სეზონში მონტე კარლოს რბოლა განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. კერძოდ, პრაქტიკები ხუთშაბათის ნაცვლად, პარასკევს გაიმართება.
ფორმულა 1-ის შეფ სტეფანო დომენიკალის თქმით, მონაკოს დიდი პრიზი, ყველა სხვა ეტაპის მსგავსად, პარასკევს, შაბათს და კვირას გაიმართება. მანვე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მომავალ სეზონში კალენდარში, რომელიც მალე გამოქვეყნდება, 23 ეტაპი შევა.
„მომავალ სეზონში 23 ეტაპი გვექნება. კალენდრის გამოქვეყნებას 15 ოქტომბერს ვგეგმავთ. ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ მომავალი სეზონი წლევანდელზე ადრე დასრულდება“, - ამბობს დომენიკალი და დასძენს, რომ ფ1 მაყურებელს ყოველდღე სიახლეს უმზადებს. მისი თქმით, რაც ნაკლებად პროგნოზირებადი იქნება რბოლები, მით უფრო საინტერესოდ ჩატარდება ჩემპიონატი.
მონაკოს რბოლა სხვებისგან იმითაც განსხვავდებოდა, რომ პრაქტიკები ხუთშაბათს ტარდებოდა, პარასკევს კი ტრასაზე არავინ გამოდიოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ქალაქ სახელმწიფოში პარასკევს სასოფლო მეურნეობის ბაზრობა ტარდება ხოლმე. კალენდრის შემჭიდროების გამო, რასაც მაიამის რბოლის დამატება იწვევს, ესპანეთის და მონაკოს რბოლებს შორის ერთკვირიანი შუალედი იქნება. ამიტომ, ლოჯისტიკური ფაქტორის გათვალისწინებით, ხუთშაბათისთვის გუნდების მომზადება გართულდება.