ბრიტანელ ტაისონ ფიურის, მძიმე წონაში WBC-ს (მსოფლიო კრივის საბჭო) ტიტულის დაცვა ამ შაბათს, ამერიკელ დეონტეი უაილდერთან, ლას ვეგასში უწევს. მისი პრომოუტერი ფრენკ უორენი კი უკვე მომდევნო შეხვედრებს უგეგმავს და ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ფიური მომდევნო ბრძოლას ბრიტანეთში ჩაატარებს.
33 წლის ფიურიმ წინა ოთხი ბრძოლა შეერთებულ შტატებში გამართა. ბოლოს შინ ბელფასტში, 2018 წელს იბრძოლა. უორენი ფიქრობს, რომ უაილდერთან შეხვედრის შედეგის მიუხედავად, ფიურის მომდევნო ბრძოლა ბრიტანეთის მიწაზე გაიმართება.
„თუ ტაისონი მოიგებს, ჩვენ დავსხდებით და შემდგომ გეგმებს განვიხილავთ. ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. უსიკთან ბრძოლა უზარმაზარ ინტერესს გამოიწვევს. ჯოშუასთან შეხვედრაც ჯერ კიდევ ძალიან საინტერესო იქნება“, - ამბობს უორენი.
ფიური ენტონი ჯოშუას აგვისტოში, საუდის არაბეთში უნდა შეხვედროდა და ეს ტიტულების გამაერთიანებელი ბრძოლა უნდა ყოფილიყო. მაგრამ სასამართლომ გაახსენა, რომ კონტრაქტით, ჯერ უაილდერთან მესამე შეხვედრა უნდა გაემართა.
სანამ ფიური უაილდერთან მესამე შეხვედრას გეგმავდა, რომელიც ბრიტანელის კოვიდ-ით დაავადების გამო გადაიდო, ჯოშუა ოლეკსანდრ უსიკს შეხვდა და წააგო. მარცხთან ერთად, უკრაინელს WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის საჩემპიონო სარტყელები გადააბარა.
სანამ უსიკი და ჯოშუა მატჩ რევანშს შეათანხმებენ, რომელიც სავარაუდოდ, თებერვალში დაინიშნება, ფიურიმ ჯერ თავისი ტიტული უნდა შეინარჩუნოს. უორენი ამბობს, რომ ტიტულების გასაერთიანებელი ბრძოლის პერსპექტივას ჯერჯერობით ვერ ხედავს, თუმცა ჯოშუასთან ტიტულების გარეშე შეხვედრას მაინც არ გამორიცხავს.