ფეხბურთი

23:03 | 3.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბი "ლოკომოტივმა" მოიგო, "დინამო ბათუმმა" ლიდერობა განიმტკიცა

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-კვირიან სანაკრებო პაუზაზე გავიდა, მანამდე კი 28-ე ტური საინტერესო ორი მატჩით დასრულდა და ლიდერთა შორის სხვაობა უკვე სოლიდური გახდა.

„დინამო ბათუმმა“ „დინამო თბილისის“ წაფორხილებით ისარგებლად და 7 ქულით გაასწრო. გია გეგუჩაძის გუნდმა საკუთარ მოედანზე ქუთაისის „ტორპედო“ 3:1 დაამარცხა. მასპინძლები გიორგი ფანცულაიამ დასაწყისშივე დააწინაურდა, ტაიმის მიწურულს კი ბაქარ მირცხულავამ წონასწორობა აღადგინა.

თუმცა, კახა ჩხეტიანის გუნდს ეს წარმატებისთვის არ ეყო. მეორე ტაიმში ბათუმელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ჯერ გიული მანჯგალაძემ ჯარიმა შეასრულა უნაკლოდ, ხოლო საბოლოო შედეგი გიორგი ზარიამ დააფიქსირა. „დინამო ბათუმს“ 60 ქულა გაუხდა და „დინამო თბილისს“ 7 ქულით უსწრებს. სეზონის დასრულებამდე კი მხოლოდ 8 ტურიღა რჩება. ქუთაისის „ტორპედო“ გადასარჩენად იბრძვის და 26 ქულით მერვე ადგილზეა.

თბილისის „ლოკომოტივმა“ უშუალო კონკურენტ „საბურთალოს“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში მოუგო. გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის პრინციპში ყველაფერი მშვიდად წარიმართა და 3:0-ს იგებდა, მაგრამ მხოლოდ 3:2 მოიგო. საქმე ისაა, რომ საბურთალოელებმა ბოლო წუთებში ორჯერ გაიტანეს, თუმცა, მეტისთვის არც დრო ეყოთ და არც ენერგია.

„ლოკომოტივმა“ ამ გამარჯვებით 44 ქულას მოუყარა თავი და სამეულს უკვე მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება, იქ „საბურთალოა“ – 46 ქულით.

„ლოკომოტივი“ – „საბურთალო“ 3:2 (1:0)

გოლები: 1:0 სიხარულიძე (45, პენ), 2:0 შონია (56), 3:0 გავაშელიშვილი (64), 3:1 მანდრიჩენკო (87), 3:2 მალი (90)

„დინამო ბათუმი“ – „ტორპედო“ 3:1 (1:1)

გოლები: 1:0 ფანცულაია (10), 1:1 მირცხულავა (45), 2:1 მანჯგალაძე (61), 3:1 ზარია (90)

0.1175