ლონდონის მარათონის ქალთა შეჯიბრი კენიელმა ჯოისილინ ჯეპკოსგეიმ მოიგო. მან ფინიშის ხაზი ორ საათში, 17 წუტსა და 43 წამში გადაკვეთა. კვარცხლბეკზე ასვლაც ვერ შეძლო შარშანდელმა გამარჯვებულმა და მსოფლიო რეკორდსმენმა ბრიგიდ კოსგეიმ, ვინც დისტანციის ბოლო ნაწილში დაიღალა და ჩამორჩა.
ჯეპკოსგეი ნიუ იორკის მარათონის მოქმედი ჩემპიონია. მან პირადი რეკორდი (2:18.40) გააუმჯობესა და ყველა დროის მეშვიდე ყველაზე სწრაფი ქალი მარათონელი გახდა. საინტერესოა, რომ 28 წლის მორბენალმა ჯერ კიდევ ორი წლის წინათ, ლონდონში პეისმეიკერის როლში იასპარეზა.
ჯეპკოსგეიმ ფინიშთან 15 წამით მიასწრო ეთიოპიელ დეგიტუ აზიმერავს. მესამე ადგილი კი ასევე ეთიოპიელმა, აშეტე ბეკერემ დაიკავა. კოსგეის, ვინც ტოკიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალს დაეუფლა, ლონდონში ზედიზედ მესამე გამარჯვებისთვის იბრძოდა, მაგრამ მხოლოდ მეოთხე ადგილს (02:18.40) დასჯერდა.
„რამდენიმე წლის წინათ, ლონდონში მეწინავე (პეისმეიკერი) ვიყავი. ეს ყოველთვის რთულია და კარგ მომზადებას საჭიროებს. და დღეს, როგორც იქნა, გამარჯვების დროც დამიდგა. ჩემთვის ეს პრივილეგიაა“, - განაცხადა ჯეპკოსგეიმ.
ლონდონის მარათონს აპრილში 40 წელი შეუსრულდა.