ჭიდაობა

19:45 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

გენო პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალშია! ავთანდილ კენჭაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო, სადაც ოთხ წონით კატეგორიაში ოთხი ქართველი გამოვიდა და ორი მედლისთვის იბრძვის - გენო პეტრიაშვილი ფინალშია და ოქროს შეუტევს, ხოლო ავთანდილ კენჭაძეს ბრინჯაოს მედლამდე ერთი მოგება აშორებს.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა ასპარეზობა მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტურთან ძალიან იოლად 11:1 მოიგო, მეოთხედფინალში კი ავსტრიელ იოჰანეს ლუდეშერთან 5:0 იმარჯვა და ნახევარფინალში ყაზახ ოლეგ ბოლტინს დაუპირისპირდა, რომელსაც 10:0 მოუგო და ფინალში იჭიდავებს. ამრიგად, მოქმედ და სამგზის მსოფლიოს ჩემპიონს, ტიტულის შენარჩუნების დიდი შანსი აქვს. ფინალში გენოს მეტოქე ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე იქნება, რომელმაც ნახევარფინალში ტაჰა აკგული დაამარცხა. გავიხსენოთ ისიც, რომ პეტრიაშვილი ზარეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ნახევარფინალში შეხვდა და დაამარცხა.

74 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ავთანდილ კენჭაძეს, რომელმაც გერმანელი ოსმან კუბილაი ჩაკიჩი 11:0, იაპონელი მასაკი სატო 13:2 და ირანელი იონეს ალიაკბარ ემამიჩოგაეი 10:1 დაამარცხა, მაგრამ სამწუხაროდ ნახევარფინალში სლოვაკეთის წარმომადგენელ ტაიმურაზ სალკაზანოვთან 0:5 წააგო და ხვალ ბრინჯაოს მედლისთვის გავა ხალიჩაზე, სადაც რეპეშაჟის გამარჯვებულს შეხვდება.

61 კგ წონით კატეგორიაში ბექა ლომთაძემ იასპარეზა, რომელიც პირველივე შეხვედრაში ინდოელ რავინდერ რავინდერთან 2:6 დამარცხდა, შემდეგ თვითონ ფინალში ვერ გავიდა და ქართველმა რეპეშაჟის შანსიც დაკარგა.

86 კგ წონით კატეგორიაში სანდრო ამინაშვილმა ისრაელის წარმომადგენელ ური კალაშნიკოვს 4:0 მოუგო, მაგრამ მეოთხედფინალში აზერბაიჯანელ აბუბაკრ აბაკაროვთან 2:10 დამარცხდა და არა მარტო ოქროს, არამედ ბრინჯაოს მედლის შანსიც დაკარგა, რადგან აზერბაიჯანელი მოჭიდავე ფინალში ვერ გავიდა.

პეტრიაშვილი ოქროს და კენჭაძე ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლას 3 ოქტომბერს გააგრძელებენ, ამავე დღეს 6 წონით კატეგორიაში წინასწარი შეჯიბრებები დაიწყება.

0.152131