ფეხბურთი

17:04 | 2.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელიამ რუსეთის ჩემპიონატში პენალტი ვერ გაიტანა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეათე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას წარუმატებელი მატჩი ჰქონდა. ყაზანის „რუბინის“ ქართველი შემტევი „ნიჟნი ნოვოგოროდთან“ ჯერ იყო და, ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, მერე პენალტიც ვერ გაიტანა.

ლეონიდ სლუცკიმ ხვიჩა ბოლო პერიოდში არცთუ იდეალურ ფორმაში ყოფნის გამო თადარიგში გაამწესა, მაგრამ 28-ე წუთზე ჩართო თამაშში, რადგან ყაზანელთა მწვრთნელს იძულებითი შეცვლის გაკეთება მოუწია. 49-ე წუთზე „რუბინმა“ პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, რომელიც ხვიჩამ გამოიმუშავა და ბურთთან თვითონ მივიდა, მაგრამ ვერ გაიტანა - მეკარე არტურ ნიგმატულინმა აჯობა.

„რუბინმა“ პენალტიდან 11 წუთში გოლი გაუშვა, რითაც მატჩი საკუთარ კედლებში 0:1 წააგო და მორიგი მარცხი განიცადა. საქმე ისე მიდის, რომ შეიძლება სლუცკის გათავისუფლებაც დადგეს დღის წესრიგში, რადგან ყაზანური გუნდი საშინელ ფორმაშია და ქულებს პრაქტიკულად ვეღარ აგროვებს. რუსულმა გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა წააგო, ბოლო ხუთ მატჩში კი მეოთხედ დამარცხდა და 14 ქულით მერვე ადგილზე დაქვეითდა. ყაზანელები მომდევნო ტურში 16 ოქტომბერს, მოსკოვის „ლოკომოტივს“ უმასპინძლებენ. ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში კი მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 10 მატჩი და 2 გოლია.

0.131443