ტირასპოლის „შერიფის“ მთავარი მწვრთნელისა და ფეხბურთელების საშუალო ხელფასი ცნობილი გახდა. მოლდოვური მედიის ცნობით, იური ვერნიდუბის ხელფასი თვეში 20 000 ევროზე ნაკლებია.
ცხადია, ეს თანხა შედარებადაც არ ღირს კარლო ანჩელოტის, სიმონე ინძაგისა და რობერტო დე ძერბის ყოველთვიურ ანაზღაურებასთან.
ფეხბურთელების საშუალო ხელფასი თვეში მხოლოდ 6 000 ევროა. წამყვანი მოთამაშეები დაახლოებით 15 000 ევროს იღებენ, ხოლო ახალგაზრდა ფეხბურთელები - ათას ევროს.
შეგახსენებთ, „შერიფმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ფანტასტიკურად დაიწყო და საწყის ორ ტურში 6 ქულა დააგროვა, რითაც პირველ ადგილზეა და უსწრებს „რეალს“, „ინტერსა“ და „შახტარს“. მოლდოვის ჩემპიონმა ჯერ საკვალიფიკაციო ეტაპი განვლო ბრწყინვალედ (8 მატჩი, 6 მოგება, 2 ფრე), შემდეგ კი ჯგუფურ ეტაპზე „შახტარსა“ (2:0) და „რეალს“ (2:1 „სანტიაგო ბერნაბეუზე“) მოუგო.
აქვე გეტყვით, რომ იური ვერნიდუბს 2020 წლის ბოლოს საქართველოს ნაკრებს უკავშირებდნენ, მაგრამ უკრაინელმა მწვრთნელმა საბოლოოდ „შერიფი“ ჩაიბარა.