კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა თავის მომავალთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. როგორც ნიდერლანდელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ჟოან ლაპორტას მისთვის არაფერი უთქვამს და კლუბში ძალიან რთული მდგომარეობაა.
„შეიძლება თუ არა „ატლეტიკოსთან“ მატჩი ჩემთვის ბოლო? ამ კითხვაზე პასუხს ხვალ გაიგებთ. მთავარია გუნდი და არა მე. აქ ვარ კლუბის სიყვარულის გამო და ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი. ალბათ, ახლა უფრო რთული ვითარებაა, ვიდრე ჩემი დანიშვნის დღეს. ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ მე მხოლოდ ფეხბურთელები და მატჩისთვის მზადება მაინტერესებს.
დავიღალე ჩემი თავის დაცვით. მნიშვნელოვანი საქმეები გავაკეთეთ და მივიღეთ ცვლილებები კლუბში. დიახ, მინდა, ერთ დღეს გავაკეთო განცხადება და დავაფიქსირო ის, რასაც ვფიქრობ.
კლუბის ხელმძღვანელობას ჩემთვის არაფერი უთქვამს, გავიგე, რომ დილით პრეზიდენტი აქ იყო, მაგრამ ჩემთან არ ულაპარაკია. ამბობენ, რომ ჩემს შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, „ბარსელონაში“ რონალდ კუმანის გათავისუფლებას „ატლეტიკოსთან“ მატჩის შემდეგ პროგნოზირებენ. ნიდერლანდელი სპეციალისტის გუნდმა სეზონი ცუდად დაიწყო, განსაკუთრებით ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ორ ტურში ქულაც ვერ მოიპოვა.