საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა, რომელშიც 24 ფეხბურთელია.
ამჯერად, სანიოლის სიაში არცერთი ახალი სახე, დებიუტანტი არაა. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდნენ თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკა კვეკვესკირი და ვაკო გვილია, რომელიც ფრანგ სპეციალისტს სექტემბერში გამოძახებული არ ჰყავდა.
მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, გრიგოლ ჩაბრაძე და გურამ კაშია საბერძნეთის წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოს წინააღმდეგ დაგეგმილი მატჩისთვის მოემზადება. საქართველოს ნაკრები 4 ოქტომბერს შეიკრიბება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბათუმი, საქართველო)
დაცვა: გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე (დინამო ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი (დინამო ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ჯაბა კანკავა (სლოვანი, სლოვაკეთი), გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, პოლონეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვლადიმერ მამუჩაშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია)
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 9 ოქტომბერს, ბათუმში საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლებს, ხოლო 12 ოქტომბერს, სტუმრად კოსოვოს დაუპირისპირდება. ვილი სანიოლის გუნდს ხუთ თამაშში ერთი ქულა აქვს მოპოვებული და ჯგუფში ბოლო ადგილზეა.