ფეხბურთი

1:35 | 30.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუს გმირობა ბოლო წუთზე, ალეგრის გაკვეთილი და "ბარსელონას" ჯოჯოხეთი

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური დასრულდა და მეორე სათამაშო დღეს ძალიან საინტერესო ამბები მოხდა. მოქმედი ჩემპიონი ლონდონის „ჩელსი“ ტურინში „იუვენტუსთან“ დამარცხდა, იმის მიუხედავად, რომ გამორჩეულ ფავორიტად მიიჩნეოდა, „ბარსელონამ“ ლისაბონის „ბენფიკასთან“ 0:3 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილზე უქულოდაა! და, რაღა თქმა უნდა, კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ვილიარეალთან“ 95-ე წუთზე მოაგებინა და პირველი სამი ქულა მოუტანა!

E ჯგუფი

„ბარსელონას“ ძალიან მძიმე პრობლემები აქვს! ეს არ არის მოსაზრება, ეს არის ფაქტი, რომელსაც ვერავინ გაექცევა. „ბაიერნთან“ 0:3 წაგების შემდეგ რონალდ კუმანის გუნდი ლისაბონში „ბენფიკას“ ესტუმრა და ამავე ანგარიშით წააგო. სათქმელი სხვა არაფერია - ყველაფერი ნათლად ჩანს...

„ბარსელონას“ 0 ქულა აქვს, გოლი არ გაუტანია და ბოლო ადგილზეა. „ბლაუგრანას“ წინ კიევის „დინამოსთან“ ორი თამაში ელოდება და ალბათ, ეს შვება იქნება, მაგრამ გასეირნება არც უკრაინულ გუნდთან ელოდება. ფაქტია, რომ „ბარსა“ მძიმე დღეშია და საშველიც ჯერ არსაიდან ჩანს.

ამავე ჯგუფში „ბაიერნმა“ კიევის „დინამო“ 5:0 გაანადგურა და რობერტ ლევანდოვსკიმ მორიგი დუბლი შეასრულა. მიუნხენური გრანდი 6 ქულით ლიდერია, „ბენფიკას“ 4 ქულა აქვს, „დინამოს“ 1 და „ბარსელონას“, როგორც ვთქვით - 0.

„ბაიერნი“ – „დინამო კიევი“ 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (12), 2:0 ლევანდოვსკი (27), 3:0 გნაბრი (68), 4:0 სანე (74), 5:0 ჩუპო-მოტინგი (87)

„ბენფიკა“ – „ბარსელონა“ 3:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნუნიესი (3), 2:0 სილვა (69), 3:0 ნუნიესი (79, პენ)

F ჯგუფი

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ პირველ ტურში „იანგ ბოიზთან“ წააგო და „ოლდ ტრაფორდზე“ „ვილიარეალთან“ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდა. თუმცა, ოლე გუნარ სულშერის გუნდშიც პრობლემები იკვეთება და ესპანურ გუნდთან ბეწვზე გადარჩა. მეორე ტაიმის დასაწყისში პაკო ალკასერმა ანგარიში გახსნა და „ვილიარეალი“ დააწინაურა, ხოლო ალექს ტელეშმა მალევე გაათანაბრა. თუმცა, ფრე „მანიუსთვის“ დიდი ვერაფერი შვება იყო, მაგრამ ამ გუნდს კრიშტიანუ რონალდუ ჰყავს. ფეხბურთელი, რომელმაც იკერ კასილიასს გადაასწრო და ჩემპიონთა ლიგაზე ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი დაუგროვდა. მსაჯის მიერ მე-5 დამატებულ წუთზე კი კრიშტიანუმ „იუნაიტედს“ პირველი გამარჯვება მოუტანა და „ოლდ ტრაფორდის“ პუბლიკა აღფრთოვანებაში მოიყვანა.

ამავე ჯგუფში ბერგამოს „ატალანტამ“ „იანგ ბოიზი“ მძიმე ბრძოლაში 1:0 დაამარცხა და ჯგუფს 4 ქულით სათავეში უდგას, შემდეგ „მანჩესტერი“ და „იანგ ბოიზი“ 3-3 ქულით მოდიან, ხოლო „ვილიარეალის“ აქტივში 1 ქულაა. ცხადია, ამ ჯგუფში ჯერ გარკვეული არაფერია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

„ატალანტა“ – „იანგ ბოიზი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 პესინა (68)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „ვილიარეალი“ 2:1 (0:0)

გოლები: 0:1 პაკო ალკასერი (53), 1:1 ალექს ტელეში (60), 2:1 რონალდუ (90)

G ჯგუფი

ავსტრიულმა „ზალცბურგმა“ ჩემპიონთა ლიგის ორ ტურში 5(!) პენალტი შეასრულა. უცნაურია, მაგრამ ასეა. „სევილიასთან“ სამი თერთმეტმეტრიანის შემდეგ, რომელთაგანაც ერთადერთი გამოიყენეს, „ლილთან“ იგივე შანსი ორჯერ მიიღეს და ორივე გაიტანეს. საბოლოოდ ამ გოლების წყალობით „ზალცბურგმა“ საფრანგეთის ჩემპიონს 2:1 აჯობა და 4 ქულით გალიდერდა.

„ვალენსია“ „ვოლფსბურგთან“ მარცხს 87-ე წუთზე ივან რაკიტიჩის გოლით გადაურჩა - 1:1. ორივე გუნდს 2-2 ქულა აქვთ, ხოლო „ლილის“ აქტივში ერთადერთი ქულაა.

„ზალცბურგი“ – „ლილი“ 2:1 (1:0)

გოლები: 1:0 ადეიემი (35, პენ), 2:0 ადეიემი (53, პენ), 2:1 ბურაქ ილმაზი (62)

„ვოლფსბურგი“ – „სევილია“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 სტეფენი (48), 1:1 რაკიტიჩი (87)

H ჯგუფი

დღის მთავარ მატჩში ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსის“ უმასპინძლა და საკადრო პრობლემების მიუხედავად ევროპის მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა!

მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ცრუ ცხრიანით და მეორე ნომრად ითამაშა, რამაც სრულად გაამართლა. მასიმილიანო ალეგრიმ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ შესანიშნავი ტაქტიკოსია, თუ მის დავალებებს ფეხბურთელები ზუსტად შეასრულებენ.

„ჩელსი“ თითქმის ყველა სათამაშო კომპონენტში უპირატესობას ფლობდა, მაგრამ სახიფათო მომენტები უფრო მეტად „იუვემ“ შექმნა და დამსახურებულად მოიგო.

პირველ ტაიმში ყველაზე ახლოს გოლთან ფედერიკო კიეზა იყო, რომელმაც მე-19 წუთზე მახვილი კუთხიდან კარს მცირედით ააცილა. საერთოდ, კიეზა ბევრს ამწვავებდა და გამორჩეული იყო. მეორე ტაიმი კი „იუვეს“ გოლით დაიწყო.

მეათე წამზე ადრიენ რაბიოს პასის მერე ფედერიკო ბერნარდესკიმ ითამაშა დიდებულად, ფედერიკო კიეზა დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა და ანგარიში გაიხსნა. ეს არის ჩემპიონთა ლიგაზე 2003 წლის მერე (მას შემდეგ, რაც ამ სტატისტიკას ითვლიან) ყველაზე სწრაფი გოლი მეორე ნახევარში. სხვათა შორის, ეს იყო ერთადერთი ზუსტი დარტყმა კარში, რომელიც „იუვეს“ ჰქონდა. სამაგიეროდ, „ჩელსიმაც“ ერთხელ დაარტყა და „იუვენტუსმა“ თავი შესანიშნავად დაიცვა. ყველაზე კარგი შანსი რომელუ ლუკაკუს მატჩს ბოლოს მიეცა, როცა არაზუსტად დაარტყა. სამაგიეროდ, 1:0-ზე ფედერიკო ბერნარდესკიმ 3 მეტრიდან ურეალურესი მომენტი გაანიავა.

საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ 1:0 მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერია, თან ისე, რომ გოლი არ გაუშვია. თუ სერია A-ში ტურინული გრანდი კარს მშრალად ვერ ინახავს, ჩემპიონთა ლიგაზე სხვა სტატისტიკა აქვს.

ამავე ჯგუფში „ზენიტმა“ „მალმიო“ 4:0 გაანადგურა. ჯგუფს „იუვე“ 6 ქულით ლიდერობს, „ზენიტს“ და „ჩელსის“ 3-3 ქულა აქვთ, ხოლო „მალმიო“ უქულოდ გამოკვეთილი აუტსაიდერია.

„იუვენტუსი“ – „ჩელსი“ 1:0 (0:0)

ტურინი, „ალიანც სთედიუმი“

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, დე ლიხტი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური (კიელინი 83), ლოკატელი, რაბიო (მაკკენი 77); კიეზა (კინი 77), ბერნარდესკი (კულუშევსკი 65)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

„ჩელსი“ (3-4-2-1): მენდი; კრისტენსენი (ბარკლი 75), ტიაგო სილვა, რიუდიგერი; ასპილიკუეტა (ლოფტუს-ჩიკი 62), კოვაჩიჩი, ჟორჟინიო (ჩალობა 62), ალონსო (ჩილველი 46); ჰავერტცი, ზიეჩი (ჰადსონ-ოდოი 62); ლუკაკუ

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

გოლი: 1:0 კიეზა (46)

გაფრთხილება: კუადრადო (89) ალონსო (18), ზიეჩი (61), რიუდიგერი (65)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 4 (1) – 7 (1) ბურთის ფლობა: 34%-66% კუთხურები: 1:8 თამაშგარე: 4:1

მსაჯი: ხილ მანსანო (ესპანეთი)

„ზენიტი“ – „მალმიო“ 4:0 (1:0)

გოლები: 1:0 კლაუდინიო (9), 2:0 კუზიაევი (49), 3:0 სუტორმინი (80), 4:0 ვენდელი (90)

0.16978