ჩოგბურთი

2:04 | 29.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი ბარტი ინდიან ველსზე არ ითამაშებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ავსტრალიელი ეშლი ბარტი ინდიან ველსის WTA 1000-იან ტურნირზე არ ითამაშებს. ამის შესახებ, მასტერსის სერიის ტურნირის ორგანიზატორებმა განაცხადეს. ეს შესაძლოა იმის მანიშნებელიც იყოს, რომ ბარტი ამ სეზონში თამაშს აღარ აპოირებს.

ბარტიმ, ვინც ოლიმპიადამდე უიმბლდონის ჩემპიონი გახდა, აშშ-ის ღია პირველობაზე თავი ვერაფრით გამოიჩინა - ტურნირს მესამე წრეში გამოეთიშა. ის კიდევ ერთი ჩოგბურთელია, ვინც „ინდიელთა ჭების“ ტურნირს დააკლდება. უფრო ადრე, მას სერენა უილიამსი და 2018 წლის ჩემპიონი ნაომი ოსაკა გამოაკლდნენ.

ბარტის მწვრთნელმა კრეიგ ტიზერმა ამ თვეში განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ავსტრალიელი არც WTA-ს ფინალში ითამაშებს, რომლის მოქმედი ჩემპიონიცაა. ამის მიზეზი ისაა, რომ ტურნირმა მექსიკის გვადალახარაში გადაინაცვლა. ეს კი პრობლემაა, რადგან მექსიკიდან ავსტრალიაში დაბრუნებულს, ორკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევს, ეს კი ავსტრალიის ღია პირველობისთვის მზადების პროგრამას აურევს.

0.120615