ბერლინში დიდი მარათონების სეზონი გაიხსნა და პირველი გარბენი - ბერლინის მარათონი ეთიოპიელი გუიე ადოლას გამარჯვებით დასრულდა. მან იოლად გაუძლო ლეგენდარული თანამემამულის, კენენისა ბეკელეს და კენიელი ბეთველ იეგონის შეტევას. საბოლოოდ, იეგონი მეორე ადგილს დასჯერდა, ბეკელემ კი ფინიში მესამემ გადაკვეთა.
აღსანიშნავია, რომ ბეკელემ ბოლო 18 თვეში პირველად იასპარეზა. ცხრა თვის წინათ მან კორონავირუსის ინფექცია დაამარცხა. ხანგრძლივი უქმეობის გამო კი ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ იმყოფება.
ქალთა მარათონზე ეთიოპიელმა გოტიტომ გებრესლასემ გაიმარჯვა, ვისთვისაც ეს პირველი მარათონი იყო. მეორე და მესამე ადგილებიც ეთიოპიელებმა - ჰივოტ გებრეკიდანმა და ჰელენ ტოლამ დაიკავეს.
მამაკაცთა გარბენის დასაწყისში, ბეკელე მოწინავე ჯგუფს ჩაუდგა სათავეში და პირველი 7 კილომეტრის შემდეგ, მსოფლიო რეკორდის გრაფიკს სამი წამით სჯობდა. რეკორდზე უკეთესი გრაფიკი ჰქონდათ ადოლას და კიდევ ერთ ეთიოპიელს, ტეფსაიე ლენჩოს.
39 წლის ბეკელემ, ვისაც ბერლინის 2019 წლის მარათონზე, მსოფლიო რეკორდამდე 2 წამი დააკლდა, 15 კილომეტრიც რეკორდული გრაფიკით გაირბინა. მაგრამ მალე ტემპი დააგდო და ჩამორჩა კიდეც. შუა რბოლაში, ოთხკაციანი ჯგუფი დაწინაურდა, რომელშიც 30 წლის ადოლაც იყო. თუმცა მალე მისი მეტოქეებიც დაიღალნენ, ბეკელემ კი სული მოითქვა და თანაგუნდელს წამოეწია.
35 კილომეტრის შემდეგ, ბეკელეს დაეტყო, რომ ადოლას ტემპში ვერ აყვებოდა. თუმცა ლიდერს სხვა კონკურენტი გამოუჩნდა იეგონის სახით, რომელიც მას ფინიშამდე ოთხი კილომეტრით ადრე წამოეწია. მან შეტევაც სცადა, მაგრამ ადოლამ დაწინაურების საშუალება არ მისცა და ფინიშის ხაზი პირველმა გადაკვეთა.