სხვა

11:43 | 26.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

დასანანი მარცხი - ტოჩინოშინმა აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა (+VIDEO)

ზედიზედ 5 გამარჯვება საკმარისი არ გამოდგა. ქართველმა სუმოისტმა ტოკიოში მიმდინარე აკი ბაშო უარყოფითი ბალანსით დაასრულა. ტოჩინოშინს ბოლო დღემდე ბალანსი 7:7-ზე ჰქონდა და დღეს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ ძალიან მარტივად დამარცხდა.

ლევანის მეტოქე ბოლო საშეჯიბრო დღეს დასავლეთის მე-5 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იყო, რომელთანაც იორიკირის ილეთით წააგო. ჩვენებური 34 წლის იაპონელისთვის მავაშში ხელის ჩავლებას და დოჰიოდან გადაყვანას ცდილობდა, მაგრამ მის მიღმა თავად აღმოჩნდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ტაკარაფუჯისაც მიმდინარე ტურნირზე 7 მოგების წილ 7 მარცხი ჰქონდა და დღევანდელ დაპირისპირებას დადებითი ბალანსის გასანაღდებლად ორივე მათგანისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ზოგადად ეს წყვილი აქამდე ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან, რომელთაგანაც 13 ტოჩის, ხოლო 11 მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.

ამრიგად, ქართველმა სუმოისტმა შემოდგომის სუპერტურნირი 7 მოგებითა და 8 მარცხით დაასრულა და მიზანს ვერ მიაღწია. სავარაუდოდ ამის გამო ტოჩინოშინი რეიტინგში კვლავ დაქვეითდება.

იმპერატორის თასს კი ოძეკი ტერენოფუჯი დაეუფლა. ეს ბოლო ბრძოლამდეც გარკვეული იყო, რადგან მას უკვე ვეღარავინ გადაასწრებდა. მონღოლის ერთადერთი კონკურენტი ენდო იყო, რომელმაც ეს შანსი ხელიდან გუშინდელი მარცხის შემდგომ გაუშვა და სექტემბრის ბაშო 11 მოგებითა და 4 მარცხით დაასრულა.

ტერენოფუჯის ბოლო ბრძოლამდე 12 გამარჯვება და 2 წაგება ჰქონდა, დღეს კი ასევე ოძეკ შოდაის იორიკირის ილეთით სძლია. შოდაის მინიმალური დადებითი ბალანსი უკვე განაღდებული ჰქონდა და მისთვის ეს დაპირისპირება უმოტივაციო გახლდათ. (8:6)

0.120902