ბელგიაში მიმდინარე საგზაო ველოსპორტის მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა შორის საგზაო რბოლაში, გამარჯვება იტალიელმა ელისა ბალსამომ მოიპოვა. მან საფინიშო სპრინტში უკან ჩამოიტოვა სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, ჰოლანდიელი მარიანე ფოსი.
23 წლის ბალსამომ კარგად ისარგებლა სეხნია თანაგუნდელ ელისა ლონგო ბორგინის თანადგომით, ვინც ფინიშის სწორამდე მიაცილა და სპრინტის დასაწყებად, საუკეთესო პოზიციაზე გაიყვანა. ბალსამომ შორიდანვე დაიწყო შეტევა და ფინიშამდე შეძლო ლიდერობის შენარჩუნება. ბრინჯაოს მედალს პოლონელი კატარზინა ნიევადომა დაეუფლა.
ფოსს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულები 2006, 2012 და 2013 წლებში აქვს მოპოვებული. და ამჯერადაც ერთ-ერთი მტავარი ფავორიტი იყო. თანაგუნდელებთან ერთად, მან რამდენიმე მეტოქე რბოლისას მოქანცა. მაგრამ იტალიელთა შეუპოვრობას და ორგანიზებულობას, ვერაფერი დააკლო.
ფინიშამდე 25 კილომეტრით ადრე, ესპანელმა მარგარიტა ვიქტორია გარსია კანელასმა შეძლო დაწინაურება, მაგრამ ჰოლანდიელებმა და მათთან ერთად დანარჩენებმაც, 15 კილომეტრის შემდეგ, ადვილად დაიჭირეს.
დაუსრულებელმა შეტევებმა, ჰოლანდიელებსაც ძალა გამოაცალა და მათ ფოსი ხელსაყრელ პოზიციაში ვერ გაიყვანეს. 34 წლის ფოსს ისღა დარჩენდა, ბალსამოს სლიპსტრიმით მიჰყოლოდა. მაგრამ ის ვეღარ შეძლო, რომ დაწინაურებულიყო.
ბალსამო ტრეკის სპეციალისტია და ტაქტიკურ ბრძოლებშია გაწაფული. შორეული სპრინტიც მისთვის უცხო ხილი არაა. და მანაც კარგად იცოდა, რომ ეს შანსს აძლევდა. სწორედ ამიტომ, დაღლილ მეტოქეს შორიდანვე შეუტია.
აღსანიშნავია, რომ იტალიელებს საგზაო რბოლაში ოქროს მედალი ბოლოს 2011 წელს ჰქონდათ მოგებული (ჯორჯია ბრონძინი). მას შემდეგ, ჰოლანდიელებს 6 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული. მაგრამ ამჯერად საწადელს ვერ მიაღწიეს.