„ნაპოლი“ კვლავ დიდებულ ფორმაშია და სერია A-ს გათამაშებას ერთპიროვნულად ხუთი ტურის შემდეგაც ლიდერობს. ლუჩანო სპალეტის გუნდი ერთადერთია მიმდინარე სეზონში, რომელმაც ყველა თამაში მოიგო, საუბარია იტალიის ჩემპიონატზე.
ნეაპოელები გენუაში „სამპდორიას“ ესტუმრნენ და ძალზე დამაჯერებლად, 4:0 დაამარცხეს. ვიქტორ ოსიმენმა დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი ფაბიან რუისმა და პიოტრ ზიელინსკიმ გაიტანეს - 4:0. აღსანიშნავია, რომ „ნაპოლიმ“ წინა ტურშიც 4:0 მოიგო და მაშინაც სტუმრად, როცა „უდინეზეს“ არ დაუტოვა შანსი.
„ნაპოლიმ“ ისტორიაში მესამედ მოიგო სეზონის სტარტზე ხუთივე თამაში. მსგავსი შედეგი აქამდე მხოლოდ 1987-1988 და 2017-2018 წლების სეზონებში ჰქონდა. ამრიგად, „აძური“ 2 ქულით უსწრებს მილანურ გუნდებსა, „ინტერსა“ და „მილანს“.
კიდევ ერთი მატჩი ტურინში გაიმართა, სადაც „ტორინომ“ „ლაციოს“ უმასპინძლა და მარკო პიაცას გოლით ამარცხებდა მეტოქეს, მაგრამ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ჩირო იმობილემ პენალტით გაათანაბრა. სხვათა შორის, „ლაციოს“ უკვე ზედიზედ სამი ტურია არ მოუგია და როგორც ჩანს, მაურიციო სარის გუნდს მინი კრიზისის პერიოდი დაუდგა.
სამაგიეროდ, მოიგო "რომამ", რომელმაც შინ "უდინეზე" ტამი აბრაჰამის ერთადერთი გოლით დაამარცხა. ჟოზე მოურინიოს გუნდს ხუთ ტურში 12 ქულა აქვს მოპოვებული და მეოთხე ადგილზეა.
„სამპდორია“ – „ნაპოლი“ 0:4 (0:2)
გოლები: 0:1 ოსიმენი (10), 0:2 ფაბიან რუისი (39), 0:3 ოსიმენი (50), 0:4 ზიელინსკი (59)
„ტორინო“ – „ლაციო“ 1:1 (0:0)
გოლები: 1:0 პიაცა (76), 1:1 იმობილე (90, პენ)
"რომა" - "უდინეზე" 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 აბრაჰამი (36)