ახლადარჩეული გამგეობის პირველი სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა იოსებ ტყემალაძემ, მის ყოფილ წევრებს მადლობა გადაუხადა, ახლებს კი მეტი კონტროლისკენ მოუწოდა და წარმატებები უსურვა:
„კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო გამგეობის ყოფილ წევრებს, რომლებმაც რაგბის კავშირი ამ რთულ პერიოდში ატარეს. მინდა მათ მიმართ სათითაოდ გამოვხატო მადლიერება, რადგან არჩევითობას გაგებით შეხვდნენ და ქართული რაგბის წინსვლას ასე მიესალმებიან“.
„რაც შეეხება ახალ გამგეობას, გამგეობის თავმჯდომარედ ერთხმად იქნა არჩეული დავით კაჭარავა. მასზე პირადად მე და გამგეობის წევრები დიდ იმედებს ვამყარებთ. იმედი მაქვს, რომ ახალ გამგეობაში იქნება საკითხების სიღრმისეული განხილვები, მაქსიმალური კონტროლი რაგბის კავშირის საქმიანობაზე, მოთხოვნა ყველა გეგმის ზედმიწევნით ზუსტად შესრულებაზე და ამაში გამგეობის თავმჯდომარის როლი მნიშვნელოვანია“.
„ასევე მნიშვნელოვანია გამგეობაში მამუკა გორგოძის წარმოდგენა, რომელიც უდიდესი მოვლენაა ქართულ რაგბში. ჩემი თხოვნით ის უხელმძღვანელებს ნაკრებთან ურთიერთობას, დაიცავს მის ინეტერესებს გამგეობაში და გაატარებს რაგბის კავშირის ინტერესებს ნაკრებში“.
„მთლიანობაში საინტერესო დღე გამოვიდა, იყო კარგი მსჯელობები. გამგეობის წევრებს გავაცანი განვლილ 5 თვეში განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები. ვულოცავ ქართულ რაგბს პირველ არჩევით გამგეობას, რაც ჩვენი დაპირება იყო. ვფიქრობ, ერთიანად ქართული რაგბის სწრაფ განვითარებას კიდევ უფრო დავაჩქარებთ“.
RUGBY.GE