ფეხბურთი

18:08 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "რეალისტები უნდა ვიყოთ, "სპეციასთან" სერია A-ში ადგილის შესანარჩუნებელი თამაში გვაქვს"

"იუვენტუსი" სერია A-ს მეხუთე ტურში "სპეციას" დაუპირისპირდება და მასიმილიანო ალეგრიმ ამ შეხვედრას ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლი გუნდების თამაში უწოდა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, რეალისტები უნდა იყვნენ და ახლა მისი გუნდი ასეთ ვითარებაშია.

„ხვალ ცვლილებები იქნება, არიან ისეთი ფეხბურთელები, რომლებმაც ზედიზედ ექვსი ან შვიდი თამაში ითამაშეს. „სპეცია“ შიშის გარეშე თამაშობს და მის სტადიონზე თამაში ადვილი არ არის. საჭიროა, რომ მათსავით ვირბინოთ და ტექნიკური თვისებებით განსხვავება შევქმნათ. მორატა გამოჯანმრთელდა და კარგადაა. ერთადერთი დანაკლისი კიელინია, რომელსაც გუშინ სიცხე ჰქონდა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ სახლში რჩება. სხვა ყველა კარგადაა. კვირას კარგად ვითამაშეთ, მიუხედავად იმისა, რომ მეორე ტაიმში ტექნიკური შეცდომები დავუშვით. ახლა მთავარია, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ.

ბენტანკურს უჭირს? ვერავიში ვხედავ, რომ უჭირს. „მილანთან“ მან კარგად ითამაშა, ისევე, როგორც რაბიომ, რომელიც მეტოქის საჯარიმოში უფრო ცივსისხლიანი უნდა იყოს. ის ძლიერია და გოლები აკლია. რებიჩის გოლამდე კარგად ვმუშაობდით, გამარჯვება რა თქმა უნდა, დაგვეხმარება. ჩვენ არ ვსაუბრობთ ახალგაზრდა გუნდზე, არამედ გუნდზე, რომელსაც კარგი მოთამაშეები ჰყავს, ზოგი მეტი და ზოგი ნაკლები გამოცდილებით. გარდა ამისა, ახალგაზრდები არიან 18 წლის ფეხბურთელები, არა 23 და 24 წლის მოთამაშეები. ცხადია, რომ კიელინის გამოცდილება ლოკატელის არ აქვს. გამოცდილება ერთია, ასაკი – მეორე.

რეალისტები უნდა ვიყოთ და გრძელვადიან პერსპექტივაში საუბარს აზრი არ აქვს, უბრალოდ საჭიროა „სპეცია“ დავამარცხოთ. სატურნირო ცხრილს არ ვუყურებ, მაგრამ მისი შემხედვარე, „სპეციასთან“ ლიგაში ადგილის შესანარჩუნებელი მატჩი გვაქვს. ამიტომ, მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობთ.

კიეზა ძირითადში იქნება, ისევე, როგორც დე ლიხტი. ჩემი „იუვე“ თავს სამი მცველით არასდროს იცავდა, შეტევის კონსტრუქციის ფაზაში ყველაფერი თამაშის მიხედვით იცვლება. თუნდაც იმიტომ, რომ სამკაციაინ დაცვა არ არსებობს, არსებობს ოთხი ან ხუთკაციანი დაცვა. არტური და კაიო ჟორჟე? სანაკრებო პაუზის შემდეგ ორივე მზად უნდა იყოს.

კამათი რაბიოსა და შჩესნის შორის გასახდელში? ეს ნორმალურია, არ ნიშნავს, რომ გუნდში დაძაბულობაა. შემდეგ ჯერზე თავს უკეთ დავიცავთ. ფეხბურთი დეტალებისგან შედგება. ლოკატელი? ისიც არ არის ყოველ სამ დღეში თამაშს შეჩვეული, „იუვეში“ და ჩემპიონთა ლიგაზე. სრული პატივისცემით: ერთია „იუვეს“ მაისურით „მილანის“ წინააღმდეგ ითამაშო და მეორე სხვა კლუბთან თამაში. ეს მოითხოვს მენტალურ და ფიზიკურ ძალისხმევას.

ჩვენი მიზანია ფეხბურთელების ინდივიდუალურად გაუმჯობესება. კიეზას გასაოცარი თვისებები აქვს, შეუძლია მეტოქის მოტყუება და დარტყმა. მაგრამ ასევე უნდა ითამაშოს უბურთოდ, თუმცა ესეც ზრდის ნაწილია. მან უნდა გაიგოს და მართოს საკუთარი თავი 90 წუთის განმავლობაში, იცოდეს, როდის დააჩქაროს და როდის დაამუხრუჭოს. ასე ყველა გავიზრდებით, მათ შორის მეც. ჩვენ ერთად ვმუშაობთ, რათა მნიშვნელოვან მიზნებს მივაღწიოთ, როგორც გუნდურად, ისე პიროვნული ზრდის თვალსაზრისით“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსმა" ოთხ ტურში ორი ქულა მოიპოვა და მე-18 ადგილზეა. ტურინელები სერია A-ში საწყის ოთხ ტურში გამარჯვების გარეშე ბოლოს 60 წლის იყვნენ.

0.113431