სხვა

10:25 | 21.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

უსიკი ჯოშუასთან ბრძოლაზე მეტად შვილის სკოლაში წასვლაზე დარდობს

უკრაინელი მძიმეწონოსანი მოკრივე ოლეკსანდრ უსიკი ამბობს, რომ მსოფლიო ჩემპიონ ენტონი ჯოშუასთან ტიტულებისთვის ბრძოლაზე მეტად იმაზე დარდობს, თუ როგორ გაატარებს მისი შვილი სკოლაში პირველ დღეებს. უსიკი ჯოშუას ლონდონში, ამ შაბათს დაუპირისპირდება.

ბრიტანელი მოკრივე, „ტოტენჰემ ჰოტსპურის“ სტადიონზე მოწყობილ რინგზე, მის ხელთ არსებულ ყველა (WBA, IBF, WBO და IBO) სარტყელს გამოიტანს. სხვათა შორის, ორივე მოკრივეს ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე, ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ჯოშუა ზემძიმე წონაში გახდა ჩემპიონი, უსიკმა კი ოქრო მძიმე წონაში მოიპოვა.

„ამჟამად ჩემი ფიქრები ენტონი ჯოშუას არ უკავშირდება. მე არ ვფიქრობ იმაზე, თუ რას იზამს ის, რა ტაქტიკას აირჩევს და როგორ იბრძოლებს. ახლა ჩემი ფიქრები უფრო მეტად ჩემს ბიჭს უკავშირდება, როგორ იგრძნობს ის თავს სკოლაში, სადაც პირველად წავიდა. რადგან მას არ სურდა სკოლაში წასვლა“, - ამბობს 34 წლის უსიკი, ვისაც პროფესიონალურ კრივში ჯერ წაგება არ აქვს და მძიმე წონაში, კრეისერის (91 კგ) წონიდან, მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის რანგში გადავიდა და მაშინვე WBO-ის სავალდებულო პრეტენდენტის რანგი მიენიჭა.

31 წლის ჯოშუა ამბობს, რომ მისი აზრით, უსიკი მხოლოდ მის წონაშია ძლიერი მოკრივე და უფრო მაღალ წონაში არაფერი ესაქმება. „ზედა წონაში გადასვლა ყველა მოკრივეს შეუძლია. ზოგი მაღალ წონაში უკეთ იბრძვის. უსიკს ეს არ ეხება, თუმცა ჩემს გონებაში უკვე წავშალე ის გარემოება, რომ ის ქვედა წონის მოკრივეა“, - ამბობს 31 წლის ჯოშუა, ვისაც პროფესიონალურ რინგზე 24 მოგება და 1 წაგება აქვს.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუას დანიშნული ჰქონდა ბრძოლა WBC-ს ჩემპიონთან, თანამემამულე ტაისონ ფიურისთან. მაგრამ სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ფიურის ჯერ ამერიკელ დეონტეი უაილდერთან შეხვედრა მართებს. ფიურის და უაილდერის შეხვედრა უკვე გამრთულიც უნდა იყოს, მაგრამ ფიურის კორონავირუსი შეეყარა და შეხვედრა 9 ოქტომბრისთვის გადაიდო.

თუ ორივე ბრიტანელი ჩემპიონი გამარჯვებას შეძლებს, ისინი ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას გამართავენ და აბსოლუტურ ჩემპიონს გამოავლენენ.

0.11827