ჰოლანდიელმა ველომრბოლმა ელენ ვან დაიკმა, ბელგიის ბრიუგეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, დროზე რბოლაში ოქროს მედალი მოიპოვა. მან უკან ჩამოიტოვა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსანი, შვეიცარიელი მარლენ როისერი და ტოკიოს ოლიმპიადის ჩემპიონი, სახელოვანი თანამემამულე ანემიკ ვან ფლოიტენი.
30.3-კილომეტრიან დისტანციაზე ვან დაიკმა, ვინც პირველად მსოფლიო ჩემპიონი 2013 წელს გახდა, როისერს 10 წამით აჯობა. ვან ფლოიტენი კი გამარჯვებულს 24 წამით ჩამორჩა.
„დიდი ხანია, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის კიდევ ერთხელ მოპოვებაზე ვიცნებობდი. ამ სეზონში ყველაფერი თითქოს კარგად მიდიოდა, მაგრამ ყოველთვის ეს მარლენ როისერი უფრო ძლიერი იყო. ვიცოდი, რომ ძალიან კარგ დონეზე ვიყავი, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ისიც ძალიან, ძალიან ძლიერია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ის ყველგან მიგებდა. ამიტომ ვიცოდი, რომ მისი ჯობნა ძალიან ძნელი იქნებოდა“, - ამბობს ვან დაიკი, ვინც რბოლა ფავორიტებზე ერთი საათით ადრე დაიწყო.
პირველ ორ სეგმენტში, როისერი ვან დაიკზე სწრაფი იყო. მეორე შუალედური ფინიშის შემდეგ, ის ჰოლანდიელს სამ წამს უგებდა. მაგრამ შვეიცარიელმა ბოლო სეგმენტში დრო დაკარგა და ოქროც მეტოქეს დაუთმო.
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 46 წლის ამერიკელი ამბერ ნებენი მეოთხე ადგილს დასჯერდა.