იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში მილანის „ინტერმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და ბოლო ორი მატჩი მოგებული არ ჰქონდა („სამპდორიასთან“ და „რეალთან“), ამიტომაც, დიდი მოტივაციით ითამაშა.
შეიძლება ითქვას, სიმონე ინძაგის გუნდმა სეზონში საუკეთესო თამაში ჩაატარა და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდი 6:1 გაანადგურა. რომ არა, ბოლო წუთზე გაშვებული გოლი, მშრალი ანგარიშიდაც მოიგებდა. „ინტერის“ რიგებში დუბლი ედინ ჯეკომ შეასრულა, ხოლო მის გარდა თავი ლაუტარო მარტინესმა, მილან შკრინიარმა, ნიკოლო ბარელამ და მატია ვესინომ გამოიჩინეს. „ინტერს“ 10 ქულა აქვს და სანამ მისი კონკურენტები ამ ტურის მატჩებს ჩაატარებენ, სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.
სეზონი შესანიშნავად დაიწყო ფლორენციის „ფიორენტინამ“, რომელმაც პირველ ტურში წაგების შემდეგ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და ლიდერთა შორისაა. ვინჩენცო იტალიანოს გუნდმა საკმაოდ რთული გასვლითი მატჩი მოიგო „ჯენოასთან“, რაც დიდწილად რიკარდო საპონარას დამსახურებაა, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და არანაკლებ ეფექტური საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ორმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა ბერგამოს „ატალანტამ“, რომელსაც აუტსაიდერმა „სალერნიტანამ“ ტოლი არაფერში დაუდო და თამაშით აჯობა კიდეც, მაგრამ კლასმა ყველაფერი გადაწყვიტა და მატჩის მიწურულს დუვან ძაპატამ ბერგამოელებს მოაგებინა.
მეოთხე ტურის მთავარი თამაში კვირას გაიმართება - „იუვენტუსი“ საკუთარ მოედანზე „მილანს“ უმასპინძლებს და ამ მატჩის მიმართ მოლოდინი ძალიან დიდია.
„ჯენოა“ – „ფიორენტინა“ 1:2 (0:0)
გოლები: 0:1 საპონარა (60), 0:2 ბონავენტურა (89), 1:2 კრიშიტო (90, პენ)
„ინტერი“ – „ბოლონია“ 6:1 (3:0)
გოლები: 1:0 ლაუტარო მარტინესი (6), 2:0 შკრინიარი (30), 3:0 ბარელა (34), 4:0 ვესინო (54), 5:0 ჯეკო (63), 6:1 ჯეკო (68), 6:1 ტეატე (86)
„სალერნიტანა“ – „ატალანტა“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ძაპატა (75)