"იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "მილანთან" მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ეს მატჩი მეტოქისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მისი გუნდისთვის.
ალეგრის ეს განცხადება ცოტა უცნაურია იმის ფონზე, რომ "იუვეს" სამ ტურში ერთადერთი ქულა აქვს მოპოვებული და "მილანს" - 9.
„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. საჭიროა კარგად თამაში, რადგან მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს მოპოვებული. „მილანი“ წელიწადნახევარია კარგად თამაშობს, ავტორიტეტით და თავდაჯერებულად. ისინი თითქმის სამი წელია ერთად თამაშობენ. ჩვენ ვიზრდებით და ბოლო დღეებში ყველანი ერთად ვართ, მაგრამ ხვალინდელი მატჩი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენთვის. ჩვენი მიზანი არა თამაშის მოგება, არამედ ჩემპიონატის მოგება უნდა იყოს. თამაშებს ყველა იგებს, ტიტულს მხოლოდ ერთი გუნდი და საბოლოოდ ის გუნდი გახდება ჩემპიონი, რომელიც საუკეთესო იქნება", - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, "იუვენტუსისა" და "მილანის" მატჩი 19 სექტემბერს, 22:45 საათზე გაიმართება.