„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ ფანებს მოუწოდა, რომ სტადიონზე მისულიყვნენ, რადგან გერმანულ გუნდთან არენა ბოლომდე არ შეივსო.
ესპანელის ამ განცხადებას, „სიტის“ გულშემატკივართა ასოციაციის მდივანმა კევინ პარკერმა კრიტიკით უპასუხა და თქვა, რომ არ ესმის, პეპი ასეთ მოწოდებებს კორონავირუსის პერიოდში რატომ აკეთებს. „საუთჰემპტონთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გვარდიოლამ პარკერს პასუხი გასცა და აღნიშნა, რომ თუ პრობლემა მასშია, შეუძლია განზე გადგეს.
„ლაიფციგთან“ მატჩის შემდეგ ვთქვი, რომ იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან სტადიონი სავსე არ იყო. გვჭირდება ქომაგების მხარდაჭერა. 10 ათასი, 50 ათასი, 40 ათასი, არ არის მნიშვნელოვანი რამდენი გულშემატკივარი მოვა, მაგრამ მე ყველას ვეპატიჟები, რომ ისიანოვნონ სხვა შეხვედრებშიც ისე, როგორიც ბოლო თამაში იყო, რომელშიც ბევრი გოლი გავიტანეთ და ვიმეორებ, ჩვენ მათი მხარდაჭერა გვჭირდება. ისინი თუ რაიმე მიზეზით არ მოდიან სტადიონზე, მაშინ ყველაფერი გასაგებია. არასდროს მიკითხავს, რატომ არ მოვიდა ვინმე სტადიონზე, თუ მოსვლა არ გინდა, არ უნდა მოხვიდე, თუ მოხვალ, სასიამოვნო იქნება. ბატონმა პარკერმა უნდა გადახედოს თამაშის შემდეგ გაკეთებულ ჩემს კომენტარებს. მას ბოდიშს არ მოვუხდი. „სიტის“ გულშემატკივრებისთვის პრობლემა თუ მე ვარ, განზე გავდგები, მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ. აქ ყოფნის პირველივე დღიდან ვცდილობ ჩემი სამუშაო მაქსიმალურად კარგად შევასრულო“, - თქვა გვარდიოლამ.