ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიო რეკორდსმენი სამხტომში, ვენესუელლი იულიმარ როხასი ამბობს, რომ მისი მიზანი, 16 მეტრზე გადახტომაა. როხასი ტოკიოს ოლიმპიადაზე, ბოლო ცდაზე 15.67 მეტრზე გადახტა და ოლიმპიური ოქროს მოპოვებასთან ერთად, ქალთა შორის სამხტომში მსოფლიო რეკორდიც დაამყარა.
წინა რეკორდი - 15.50 მეტრი, უკრაინელ ინესა კრავეცს ეკუთვნოდა, რომელმაც ის 1995 წელს დაამყარა.
„მომავალი სეზონისთვის ჩემი სამუშაო გეგმა ისაა, რომ სტაბილურად შევასრულო ხოლმე ნახტომები 15 მეტრზე შორს. 15.50 მეტრზე შორს სტაბილური ხტომები კი იმის საშუალებას მომცემს, რომ 16 მეტრს მივაღწიო. სწორედ ესაა ჩემი მთავარი მიზანი“, - ამბობს როხასი, ვისაც რიოს ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი აქვს მოპოვებული.
როხასის მთავარი მიზან, სამმაგ ხტომაში ახალი რეკორდის დამყარებაა, მაგრამ ის არ მალავს, რომ სიგრძეზე ხტომითაც არის დაინტერესებული: „მომავალ სეზონში, სიგრძეზე ხტომაში უფრო მეტს ვივარჯიშებ. რა გამომივა, ამაზე ჩემი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ“.