იტალიური „პარმას“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ თავს ძალიან კარგად გრძნობს და ფეხბურთის თამაშსაც ამიტომ აგრძელებს. 43 წლის კარის დარაჯი დარწმუნებულია, რომ „პარმა“ მისთვის საუკეთესო არჩევანი იყო.
ბუფონმა ასევე გაიხსენა „პარი სენ ჟერმენში“ გადასვლის მიზეზი და 2018 წელს „რეალი“ – „იუვენტუსის“ მატჩი, რომელშიც ის ბოლო წუთზე მსაჯთან კამათის გამო გააძევეს, როცა „იუვე“ წარმოუდგენელ ქამ-ბექთან ახლოს იყო და მაიკლ ოლივერმა ბოლო წუთზე ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა, რომელმაც ორმატჩიანი დუელის ბედი გადაწყვიტა.
„ვთამაშობ, რადგან თავს კარგად ვგრძნობ, ისევ ძლიერი მეკარე ვარ და ვფიქრობ, თანაგუნდელების დახმარება შემიძლია. ამიტომაც, ვამჯობინე „პარმაში“ დაბრუნება, ვიცოდი, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო გამოსავალი იყო მაღალ დონეზე თამაშის გასაგრძელებლად.
სამი წლის წინ კარიერის დასრულება გადაწყვეტილი მქონდა, მაგრამ შემდეგ მივიღე პსჟ-ს წინადადება. მოვიხიბლე გუნდით, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგების დიდი პოტენციალი გააჩნდა. გარდა ამისა, გადამწყვეტი ფაქტორი იყო საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება და უმაღლეს დონეზე თამაშის გაგრძელების შანსი. ამიტომაც, პსჟ-ს წინადადებას დავთანხმდი.
„რეალი“ – „იუვენტუსის“ მატჩი 2018 წელს? ის საღამო ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო მომენტი, როცა ყველაზე მეტად ვამაყობდი, რომ ამ გუნდის კაპიტანი ვიყავი. როდესაც ამ თამაშზე ვფიქრობ, ძალიან განვიცდი. მხოლოდ ძლიერ გუნდს, სითამამით და მეომრის სულისკვეთებით შეეძლო იმ დროს ქამ-ბექზე ფიქრი. მადრიდში წასვლისას ვიცოდით, რომ შეგვწევდა ძალა ქამ-ბექისთვის. ეს იყო განცდა, რომელიც მანამდე არასდროს მქონია“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონს „პარმასთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მიმდინარე სეზონში სამივე თამაში შეუცვლელად ჩაატარა, ორ შეხვედრაში კი გოლი არ გაუშვა.