ფეხბურთი

16:35 | 15.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

Marca: სილესენი ბორდალასს ესაუბრა, "რეალთან" სავარაუდოდ მამარდაშვილი ითამაშებს

„ვალენსიას“ მეკარე იასპერ სილესენი უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია თავისი მდგომარეობით. როგორც Marca იტყობინება, ორშაბათს, ნიდერლანდელი მეკარე მთავარ მწვრთნელ ხოსე ბორდალასს ესაუბრა.

სილესენი იმედოვნებდა, რომ „ოსასუნასთან“ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა, მაგრამ ასე არ მოხდა და მან მწვრთნელთან შეხვედრა მოითხოვა. გავლენიანი მადრიდული გამოცემის თანახმად, ბორდალასს ჯერ კიდევ არ სურს სილესენის დაკარგვა და გამოცდილი მეკარე დაარწმუნა, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს.

აღსანიშნავია, რომ სილესენის კარიერაში ერთადერთი შემთხვევა, როცა ზედიზედ სამი მატჩი ტექნიკური გადაწყვეტილების გამო გამოტოვა, გასული სეზონის სტარტზე იყო. ცხადია, ეს არ ეხება „ბარსელონას“ პერიოდს, სადაც ის სათადარიგო კიპერი იყო. იასპერი არ კარგავს იმედს, რომ კვირას მადრიდის „რეალთან“ ითამაშებს, მაგრამ იმავე Marca-ს ცნობით, „სამეფო კლუბის“ წინააღმდეგ ისევ გიორგი მამარდაშვილი ითამაშებს და ბორდალასი ამ ეტაპზე არ გეგმავს მეკარის შეცვლას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგის განვლილ ოთხივე ტურში ითამაშა, ორჯერ კარი მშრალად შეინახა და მხოლოდ ორი გოლი გაუშვა. „ვალენსიამ“ კი ამ ოთხ მატჩში 10 ქულა მოიპოვა, ხოლო 19 სექტემბერს, „მესტალიაზე“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლებს.

0.124779