მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მილანის „ინტერთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, ჩემპიონთა ლიგა მისთვის და მისი გუნდისთვის განსაკუთრებული ტურნირია.
„გუნდი კარგად მუშაობს, „სელტასთან“ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ხვალ სხვა ამბავი იქნება. გვინდა, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, რთული თამაში იქნება. მათ ახალი მწვრთნელი ჰყავთ, რაც ახალი სტიმულია, უნდა გავაკონტროლოთ ისინი და ვეცადოთ, რომ კარგად დავიწყოთ ეს ტურნირი, რომელიც კლუბისთვის ყოველთვის განსაკუთრებულია.
ახალი სტიმული მოდის მაშინ, როდესაც ახალი მწვრთნელი მოდის ახალი იდეებით. „ინტერის“ სტრუქტურა იგივეა, რაც შარშან, მათ მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაკარგეს, მაგრამ შემცვლელები იყიდეს. გახსნილი თამაში იქნება და ვიმედოვნებთ, რომ კარგად ვითამაშებთ. მარსელოს და ბეილს ბოლო ვარჯიშებზე პრობლემები ჰქონდათ, ალაბას თამაში შეუძლია, ხოლო მოდრიჩი ხვალ საღამომდე დაისვენებს.
ჩემთვის ჩემპიონთა ლიგა რაღაც განსაკუთრებულია. ორჯერ მოვიგე ფეხბურთელობისას და ბოლოს, როგორც მწვრთნელმა. ჩემს გონებაში „ლა დეჩიმა“ ყოველთვის საოცარ მოგონებად დარჩება. ფავორიტები ვართ? რთულია ამის თქმა ტურნირის დაწყებამდე. გვინდა მაქსიმალურად კონკურენტუნარიანები ვიყოთ, რადგან ვიცით, რამდენად განსაკუთრებულია ეს ტურნირი ჩვენთვის.
დიახ, ბავშვობაში „ინტერის“ გულშემატკივარი ვიყავი, შემდეგ სხვადასხვა მიზეზით შეცვლა მომიწა. „ინტერი“ იყო გუნდი, რომელიც ჩემში ყოველთვის სიმპათიებს იწვევდა. წლების განმავლობაში „მილანში“ მუშაობის დროს დერბი ჩემთვის ყოველთვის განსაკუთრებული გახლდათ“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, „ინტერისა“ და „რეალის“ მატჩი 15 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.