ჩოგბურთი

1:45 | 14.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

სტოსურის და ჟანის წყვილმა ამერიკის ღია მოიგო

აშშ-ის ღია პირველობა ქალთა წყვილების ფინალმა დაასრულა, რომელშიც ვეტერანების, ავსტრალიელი სამანტა სტოსურის და ჩინელი ჟან შუაის დუეტმა, 6-3, 3-6, 6-3 დაამარცხა ამერიკელების, კოკო გოფის და კეიტი მაკნელის წყვილი.

სტოსურისა და ჟანისთვის, ეს წყვილებში მოგებული მეორე ტიტულია. პირველი 2019 წელს, ავსტრალიის ღია პირველობაზე მოიპოვეს.

პირველ სეტში მათ მხოლოდ ორი ორმაგი შეცდომა დაუშვეს. მეტოქეების (გოფმა და მაკნელმა ერთად პირველად ითამაშეს დიდი სლემის ტურნირზე) „ანგარიშზე“ კი 10 ორმაგი იყო. ამან სეტის ბედი გადაწყვიტა.

მეორე სეტში, თინეიჯერებმა შეცდომებს უკლეს და მათ მერვე გეიმში, ხანგრძლივი გათამაშების შემდეგ, ბრეიკ პოინტი მოიპოვეს. მათ ეს შანსი გამოიყენეს, რის შემდეგაც, საკუთარი გეიმიც მოიგეს და სეტებში ანგარიში გაათანაბრეს.

თუმცა, ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღწევაც მათ შეძლეს. მესამე წრეში სტოსურმა, ვისაც ფლეშინგ მედოუსზე წყვილებში პირველი ტიტული 16 წლის წინათ აქვს მოპოვებული, ჟანთან ერთად, თამაშის შემობრუნება შეძლო. მათ ორივე ბრეიკ პოინტი გამოიყენეს, პირველ მოწოდებაზე მხოლოდ სამი ქულა დათმეს და შეხვედრა გამარჯვებით დაასრულეს.

სტოსური 37 წლისაა და მას აშშ-ის ღია პირველობა 10 წლის წინათ, ერთეულებშიც აქვს მოგებული. მას ძალიან გაუხარდა, როცა მასზე ოცი წლით უმცროსმა გოფმა განაცხადა, რომ პირველი ჩოგბურთელი, ვისგანაც ავტოგრაფი აქვს აღებული, სწორედ სტოსურია.

0.129607