სხვა

15:49 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰოლიფილდმა ბელფორტს ერთი რაუდნიც ვერ გაუძლო

ევანდერ ჰოლიფილდის და ვიტორ ბელფორტის საჩვენებელი ბრძლა პრაქტიკულად ვერ შედგა - უფრო სწორედ, ის პირველივე რაუნდში, 58 წლის ჰოლიფილდის ტექნიკური ნოკაუტით დასრულდა. ბრძოლა ფლორიდის ჰოლივუდში, სასტუმრო-კაზინო „ჰარდ როკის“ არენაზე გაიმართა.

ბელფორტი გონგისთანვე ეკვეთა მეტოქეს და პრაქტიკულად, ხელის გაქნევის საშუალებაც არ მისცა. ჰოლიფილდი გაქცევით შველოდა თავს, მაგრამ ესეც არ გამოსდიოდა და მსაჯი იძულებული გახდა, შეხვედრა ტექნიკური ნოკაუტით დაესრულებინა.

ერთ მომენტში, ჰოლიფილდმა წონასწორობა დაკარგა და ცოტა დააკლდა, რინგის გარეთ გადავარდნილიყო. მალე მას ბელფორტმა ნოკდაუნი აგემა, ბრძოლაში დაბრუნებულ მეტოქეს კი მუშტების კორიანტელი მიაყარა, რასაც მსაჯის მიერ, ბრძოლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მოჰყვა.

„ეს ბიჭი ძალიან ძლიერია. არაფერი მტკენია. ისეთი დარტყმები არ ყოფილა, რასაც ტკივილის გამოწვევა შეეძლო. უბრალოდ, ის ძლიერია. ერთმა დარტყმამ კი ძირს დამცა“, - წაგების შემდეგ ყვებოდა გაოგნებული ჰოლიფილდი, ვინც ფიქრობს, რომ მსაჯს ბრძოლა არ უნდა შეეწყვიტა.

შეგახსენებთ, რომ ბელფორტს ოსკარ დე ლა ჰოია უნდა შეხვედროდა, მაგრამ მას კორონავირუსი შეეყარა და რინგზე გასვლა ვერ შეძლო. ბრძოლა რომ არ გაუქმებულიყო, ის ჰოლიფილდმა შეცვალა, ვინც რინგზე დაბრუნებას ისედაც გეგმავდა და ამისთვის ვარჯიშობდა კიდეც. მისთვის ეს 2011 წლის შემდეგ პირველი ბრძოლა იყო.

ბელფორტი UFC-ს ყოფილი ჩემპიონია და პროფესიონალურ კრივში მხოლოდ ერთი ბრძოლა აქვს ჩატარებული. ის ახლა რინგზე პოპულარულ იუთუბერ ჯეიკ პოლს იწვევს.

0.276817