ჩოგბურთი

2:24 | 12.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ემა რადუკანუს სასწაული: 18 წლის ჩოგბურთელი US Open-ის ჩემპიონია!

ემა რადუკანუმ ისტორია დაწერა და 18 წლის ასაკში ამერიკის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა! WTA-ს რეიტინგის 150-ე ნომერმა წარმოუდგენელი რამ გაახერხა და US Open-ი ტრიუმფით დაასრულა.

რადუკანუმ ფინალში ლეილა ფერნანდესი დაამარცხა, რომელიც ასევე ტურნირი დიდი სენსაცია იყო. ემამ მეტოქეს საათსა და 51 წუთში, ორ სეტში აჯობა - 6:4, 6:3. პირველ სეტში რადუკანუმ ორი ბრეიკი შეასრულა და ეს სეტის მოსაგებად საკმარისი გამოდგა, იგივე მოხდა მეორე სეტშიც და დიდმა ბრიტანელმა ჩოგბურთელმა პირველი სლემის ტიტული მოიგო.

გავიხსენოთ, რომ რადუკანუ ამერიკის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო, რომლის მეორე წრეში მარიამ ბოლქვაძეს მოუგო (6:3, 7:5). სხვათა შორის, მარიამმა რადუკანუს 8 გეიმი მოუგო და ამის გაკეთება ამერიკის ღია პირველობაზე სხვამ ვერავინ მოახერხა. უბრალო და შესაძლოა, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლქვაძემ ემას ყველაზე მეტი გეიმი მოუგო, ვიდრე სხვა ჩოგბურთელებმა. ამრიგად, 18 წლის ჩოგბურთელი ჩემპიონი სეტწაუგებლად გახდა.

ემა რადუკანუ ბოლო 44 წელიწადში პირველი ბრიტანელი ქალია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო, მარია შარაპოვას შემდეგ პირველი თინეიჯერია, რომელმაც ესოდენ პრესტიჟული ტიტული მოიპოვა და ჩოგბურთის ისტორიაში, როგორც ქალთა, ისე მამაკაცთა შორის პირველია, ვინც დიდი სლემის ტურნირი მას შემდეგ მოიგო, რაც გათამაშებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთო!

ეს იყო პირველი დიდი სლემის ფინალი 20-წლამდე ჩოგბურთელებს შორის 1999 წლის აშშ-ის ღია ჩემპიონატის შემდეგ, როდესაც 17 წლის სერენა უილიამსმა 18 წლის მარტინა ჰინგისი დაამარცხა.

0.116638