კატალონიის „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმა განაცხადა, რომ ლიონელ მესის გუნდიდან წასვლა ძალიან ძლიერი დარტყმა იყო. როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, სეზონის ყველა გეგმა მესის უკავშირდებოდა.
„მესის წასვლა დიდი დარტყმა იყო. სეზონის ყველა გეგმა მის გარშემო აიგო, ლეოც გასულ სეზონში ბიუროფაქსთან მომხდარის გამო სუპერმოტივირებული იყო. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა მტკივნეულია, სიმბოლო გაქრა. ყოველთვის ვცდილობდით გუნდის შექმნას, რომელშიც ის თავს კომფორტულად იგრძნობდა, თუმცა აქ არიან ბიჭები, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ და თავდაჯერებულები არიან“, - თქვა კუმანმა.
შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესიმ „ბარსელონა“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და კარიერა „პარი სენ ჟერმენში“ გააგრძელა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.