ავტოსპორტი

1:15 | 7.09.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბოტასი „მერსედესიდან“ „ალფა რომეოში“ გადავა

ვალტერი ბოტასი ამ სეზონის ბოლოს „მერსედესს“ დატოვებს და „ალფა რომეოში“ გადაბარგდება, სადაც თანამემამულე კიმი რაიკონენის ადგილს დაიკავებს. ეს ინფორმაცია, შვეიცარიაში ბაზირებულმა „ალფა რომეომ“ (ყოფილი ზაუბერი) გაავრცელა. მხარეებმა მრავალწლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

ამგვარად, გერმანულ გუნდში ადგილი გათავისუფლდა იმისთვის, რომ ის 23 წლის ჯორჯ რასელმა დაიკავოს.

„ჩემს სარბოლო კარიერაში ახალი ეტაპი იწყება. მე მექნბა იმის შესაძლებლობა, რომ გუნდს განვითარებაში დავეხმარო. 2022 წლიდან ახალი რეგლამენტი გვექნება და ეს განვითარების შანსს გვაძლევს. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გუნდმა ჩემდამი ნდობა გამოამჟღავნა და ერთი სული მაქვს, რომ ეს ნდობა გავამართლო“, - განაცხადა ბოტასმა, ვინც „მერსედესში“ 2017 წელს, „უილიამსიდან“ გადავიდა და მსოფლიო ჩემპიონი ნიკო როსბერგი შეცვალა.

„ლუისთან მუშაობა, ჩემთვის პრივილეგია და დიდი სპორტული გამოწვევა იყო. ჩვენს შორის ჰარმონიული ურთიერთობა იყო იმის საწინდარი, რომ ჩვენ ერთად კონსტრუქტორთა ჩემპიონატებს ვიგებდით“, - დასძენს ბოტასი.

„ალფა რომეოს“ ბოს ფრედრიკ ვასერს ბოტასთან ახალგაზრდულ სერიებში ჰქონდა ურთიერთობა. ის ამბობს, რომ ბოტასი გუნდური მოთამაშეა და ეს არაერთხელ დაუმტკიცებია: „ვალტერი იყო განუყოფელი ნაწილი გუნდისა, რომელმაც სპორტის ისტორია შეცვალა. მან კონსტრუქტორთა ოთხი ტიტულის მოპოვებაში მიიღო მონაწილეობა. და ის შესაფერისი პილოტია „ალფასთვის“, რათა ჩვენმა გუნდმა წინ წაწევა შეძლოს“.

„მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ ბოტასის გაშვების გადაწყვეტილება არ იყო იოლი მისაღები“ „ვალტერიმ ჩვენთან შესანიშნავად იმუშავა და დიდი როლი შეასრულა ჩვენს წარმატებებში“. გუნდის ავსტრიელი შეფი დასძენს, რომ ვალტერი პირდაპირი და მშვიდი ადამიანია და რომ „მერსედესში“ დარჩენას იმსახურებდა და რომ ის „მერსედესის“ ოჯახის წევრად სამუდამოდ დარჩება.

0.161288