ვალტერი ბოტასმა განაცხადა, რომ ფორმულა 1-ში თავისი მომავლის შესახებ, გადაწყვეტილებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. 32 წლის ფინელის „მერსედესიდან“ წასვლის საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მის ადგილს ბრიტანელი 23 წლის ჯორჯ რასელი დაიკავებს, ვინც ახლახანს, „უილიამსით“ ბელგიის დიდი პრიზის მეორე ადგილი დაიკავა.
მას შემდეგ, რაც კიმი რაიკონენმა გამოაცხადა, რომ ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ფორმულა 1-ს დატოვებს, „ალფა რომეოში“ ვაკანსია გაჩნდა. უფრო მეტიც, გავრცელებული ინფორმაციით, იტალიური გუნდი არც ანტონიო ჯოვინაცის დატოვებას აპირებს. „ალფა რომეოში“ გადასვლის კანდიდატთა შორის, ერთ-ერთი ბოტასიცაა. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ ის „უილიამსს“ დაუბრუნდეს, საიდანაც „მერსედესში“ გადავიდა.
ბოტასს ჰოლანდიის დიდი პრიზის წინ კითხეს, თუ რას აპირებს „მერსედესიდან“ წასვლის შემდეგ, რაზეც მოკლედ უპასუხა: „არა ამ უქმეებზე“. შემდეგ კი გააგრძელა: „ბევრს ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება გამოვაცხადო, შეიძლება არა. ყველაფერი სწორი მიმართულებით ვითარდება. მე კმაყოფილი ვარ“.
რაიკონენი ოფიციალურ განცხადებას იტალიაში გააკეთებს. ის „ფერარის“ (ჯერჯერობით) ბოლო ჩემპიონია და სიმბოლურად, თავისი წასვლის შესახებ, განცხადებას მონცაზე გეგმავს. და დიდი ალბათობით, იქვე, ან მონცას რბოლის შემდეგ, კიდევ არაერთ გადასვლას შევიტყობთ.