საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში კოსოვოს დაუპირისპირდება და მატჩის წინ კოსოვოელთა მთავარმა მწვრთნელმა ბერნარ შალანდმა პრესკონფერენცია გამართა. შვეიცარიელი სპეციალისტის განცხადებით, საქართველო კარგი გუნდია, რომელსაც ჯგუფში ჩატარებულ წინა მატჩებში არ გაუმართლა.
“კოსოვოს და საქართველოს ნაკრებები ძალიან ახლოს იყვნენ ევროპის ჩემპიონატთან, მაგრამ ჩვენი ოცნებები ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა ჩაშალა. ვფიქრობ, კოსოვო და საქართველო დაახლოებით მსგავსი გუნდები არიან და ხვალ თანაბარ თამაშს ველოდებით. ფეხბურთი გულშემატკივრების გარეშე ყოველთვის რთული წარმოსადგენია და ის არ არის, რაც გვიხარია. რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ იმ რთულ სიტუაციას, რომელშიც მსოფლიო იმყოფება და რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. მაყურებლის სტადიონზე ყოფნა აბსოლუტურად ყველას სურს და მათ შორის - ჩვენც.
ამ მომენტში გუნდში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია და ამიტომ დაგვჭირდა რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება, რაც ვფიქრობ, ისედაც აუცილებელია. ყველა ნაკრებს აქვს ეპიდმდგომარეობიდან გამომდინარე საკადრო პრობლემები და ასეთ ვითარებაში მხოლოდ ჩვენ არ ვიმყოფებით.
ჩვენი ჯგუფი საკმაოდ ძლიერი და რთულია. ეს არ არის ადვილი ჯგუფი საქართველოსთვის და კოსოვოსთვის. ვნახე საქართველოს მატჩები შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან და ვფიქრობ, ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებიც სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ. საქართველომ კარგად ითამაშა და შეიძლება ითქვას, რომ არ გაუმართლა. საქართველოს ნაკრებს, ისევე როგორც ჩვენ, მეტი შეგვიძლია და ვეცდებით, ეს ხვალინდელ შეხვედრაში ვაჩვენოთ. არბერ ზენელი და ედონ ჟეგროვა იმიტომ არ არიან გამოძახებულები, რომ ტრავმირებულები იყვნენ და ფორმაში არ იმყოფებიან“, - თქვა შალანდმა.
პრესკონფერენციაზე ასევე იმყოფებოდა ფრანგული „კლერმონის“ ნახევარმცველი ელბასან რაშანი, რომელმაც ლიგა 1-ში სეზონი დიდებულად დაიწყო და ოთხ ტურში 3 გოლი აქვს გატანილი:
„ჩვენ აქ სამი ქულისთვის მოსაპოვებლად ჩამოვედით, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში მივაღწევთ მიზანს, თუ ბოლომდე დავიხარჯებით და მაქსიმუმს გავიებთ. პირადად მე მზად ვარ ხვალინდელი თამაშისთვის და ჩემი თანაგუნდელებიც კარგ ფორმაში არიან. ამიტომ, ჩვენი გუნდისგან კარგ თამაშს ველოდები.
ჩემთვის, როგორც მოთამაშისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სად ვთამაშობ, სახლში თუ სტუმრად, მაყურებლის სტადიონზე ყოფნა ყოველთვის მსურს. ვწუხვარ, რომ ხვალინდელი მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება, თუმცა ჩვენ კონცენტრაცია მოედანზე უნდა მოვახდინოთ. საფრანგეთის ლიგა 1 მაღალი დონის ჩემპიონატია, ჩემთვის ახალი გამოწვევაა და მიხარია, რომ კარგად დავიწყე. თუმცა, ნაკრებში თამაშის დროს ამას მნიშვნელობა არ აქვს და წარმატებისთვის ყველამ ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ“, - თქვა რაშანიმ.
შეგახსენებთ, საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებთა მატჩი 2 სექტემბერს, 20:00 საათზე გაიმართება. გარდა ამისა, ვილი სანიოლის გუნდი 5 სექტემბერს, ბადახოსში, ესპანეთს ესტუმრება, ხოლო 8 სექტემბერს, სოფიაში, ბულგარეთთან ამხანაგურ თამაშს გამართავს. საქართველოს ნაკრებს ჯგუფში 3 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ქულა მოიპოვა (შვედეთთან 0:1, ესპანეთთან 1:2 და საბერძნეთთან 1:1).