რაგბი

17:45 | 7.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ჩხიკვაძე: “მაღალ დონეზე სათამაშოდ მეტი მუშაობა მჭირდება”

ბოლნისის “ყოჩებმა” მიმდინარე სეზონი ძალიან კარგად დაიწყო, ხუთიდან ხუთი თამაში მოიგო და სატურნირო ცხრილში 5-ქულიანი უპირატესობით დაწინაურდა.

გასულ სეზონში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი წელს ჩემპიონობისთვის ბრძოლას აპირებს და მინიმუმ ფინალში გასვლას გეგმავს. 2013/2014 წლების სეზონში “ყოჩების” ერთ-ერთი ლიდერი შერკინების შემკვრელი ნიკოლოზ ჩხიკვაძე იყო, რომელიც მუდამ გამწვავებაზეა დაგეშილი და მნიშვნელოვანი მეტრების მოგებას ახერხებს. წლევანდელი სეზონი პირადად მისთვის ერთგვარად უიღბლოდ დაიწყო, რადგან ტრავმა მიიღო, სადებიუტო მატჩებში საკუთარი შესაძლებლობები სრულად ვერ გამოავლინა, მერე ორი თამაში გამოტოვა, “ლოკომოტივთან” კი მოედანს დაუბრუნდა და სრულად ითამაშა.

23 წლის ჩხიკვაძეს “მსოფლიო სპორტი” რკინიგზელებთან 19:18 მოგებული მატჩის შემდეგ ესაუბრა:

- გილოცავთ მოგებას. მთელი მეორე ტაიმი ასეთ ძლიერ გუნდთან კაცნაკლულებმა ითამაშეთ და 10 წუთი 13 კაცის ამარა დარჩით, როგორ შეძელით მიზნის მიღწევა?

- დღევანდელი გამარჯვება ჩვენი გუნდის ერთად დგომამ განაპირობა. 13-მა კაცმა იმდენი მოვახერხეთ, რომ “ლოკომოტივის” ნახევარზე გადავიტანეთ თამაში და 3 ქულა ავიღეთ. მერე 14-მა კაცმაც კარგი დაცვა ვითამაშეთ, გამარჯვების 3 ქულა ავიღეთ და მოწინააღმდეგის შემოტევებსაც ბოლომდე გავუძელით.

- წელს გუნდის გაცხადებული მიზანი ჩემპიონობაა. რამდენად მზად ხართ ამ ამოცანის შესასრულებლად?

- მინიმუმ ფინალში უნდა გავიდეთ და მერე იმ ერთ კონკრეტულ თამაშშიც მაქსიმუმი გავიღოთ მიზნის მისაღწევად. ჩემპიონატს გუნდი ძალიან კარგ ფორმაში შეხვდა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ ხუთივე თამაში მოვიგეთ. მიღწეულზე გაჩერებას არ ვაპირებთ და პროგრამა მინიმუმი რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულებაა, რათა პლეი ოფში მომგებიანი პოზიციით გავიდეთ. ვფიქრობ, ნელ-ნელა უკეთეს ფორმაში შევალთ და ეს ამოცანა წარმატებით გადაიჭრება.

- როგორია ჩხიკვაძის განვლილი გზა რაგბიში?

- რაგბის თამაში “აკადემიაში” დავიწყე. 10 წელი იქ ვხვეწდი ოსტატობას და “ყოჩებში” შარშან გადმოვედი. გუნდმა ძალიან კარგად მიმიღო, ერთ მუშტად შევიკარით, რაც როგორც პირადად ჩემი, ასევე გუნდის წარმატების საწინდარია. ვითამაშე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში. “ყოჩებთან” კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს, აქ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ და ვფიქრობ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება.

- საქართველოს ჩემპიონატში ერთ-ერთი გამორჩეული 8 ნომერი ხართ და როგორ ფიქრობთ, რა დრო დაგჭირდებათ იმისათვის, რომ ამ პოზიციაზე საქართველოს ნაკრებში კონკურენცია გაზარდო?

- ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება და ზოგადად, მსგავსი რამის გაკეთებაც რთულია, რადგან ნაკრებში ძალიან ძლიერი, მართლაც გამორჩეული 8 ნომრები არიან. უფრო მეტი ვარჯიშია საჭირო, რათა მათ დონეს მივუახლოვდე და საკუთარ თავზე აუცილებლად ვიმუშავებ. ყველა მორაგბის ოცნებაა საკუთარი ქვეყნის სახელის დაცვა და ამის ამბიცია მეც მაქვს, თუმცა იმასაც ვაცნობიერებ, რომ ჯერ საამისოდ მზად არ ვარ.

- წელს პირველად ქართული რაგბის ისტორიაში კლუბის ნაკრებმა ევროთასებზე ითამაშა. იქ თუ ელოდი გამოძახებას?

- მოლოდინი მქონდა, რომ “კავკასიელების” გაფართოებულ შემადგენლობაში ვიქნებოდი, მაგრამ არავის ვაბრალებ იმას, რომ იქ ვერ მოვხვდი. ეს, უწინარეს, ჩემი ბრალია, რადგან ასეთ მაღალ დონეზე თამაშს მეტი ვარჯიში და უკეთეს ფორმაში ყოფნა სჭირდება. გარდა ამისა, სამომავლოდ, ალბათ გარკვეულ როლს ისიც ითამაშებს, შევძლებ თუ ვერა მინიმუმ ფინალში თამაშს, რადგან იქ გასულს მერე ევროტუნირებში მოხვედრის მეტი შანსი მექნება და ამისათვის მაქსიმუმს გავიღებ.

0.117598