ქართველმა პარამოფარიკავე ნინა თიბილაშვილმა ტოკიოს პარალიმპურ თამაშებზე საქართველოს პირველი მედალი მოუტანა. მან ხმლით ფარიკაობაში ფინალში გასვლა შეძლო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ნინამ ამ წარმატების შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ძალიან ბედნიერია:
„ძალიან მაგარი გრძნობაა. ახლა იმდენად დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ საკმარისად ვერ გადმოვცემ. პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი გამარჯვება და მედალი, ეს არის ჩვენი გამარჯვება, ჩემი გუნდის დამსახურება, ჩემი ქვეყნის და ჩემი საყვარელი ადამიანების გამარჯვება. ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე მგულშემატკივრობდით. მადლობა თქვენ, რომ ჩემი შესაძლებლობების მჯეროდა. ძალიან მიხარია იმიტომ, რომ ეს არის ჩემი პირველი პარალიმპიადა და წინ კიდევ სხვა პარალიმპიადებია. გპირდებით, რომ მომავალში ოქროც აუცილებლად იქნება“, - თქვა თიბილაშვილმა.
აქვე გეტყვით, რომ პარალიმპური თამაშების ისტორიაში საქართველოს ორი მედალი აქვს მოპოვებული. 2016 წელს ძიუდოისტი ზვიად გოგოჭური ოქროს მედალს დაეუფლა, ხოლო ამჯერად კი, თიბილაშვილმა ვერცხლი მოიპოვა.