„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვარჯიშზე მცირე ტრავმა მიიღო. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მარჯვენა ხელი დაიზიანა და საწვრთნელი პროცესი ნაადრევად შეწყვიტა.
36 წლის შემტევის მდგომარეობა მომდევნო დღეებში შეფასდება, ამ ეტაპზე უცნობია დაზიანების ხარისხი. რონალდუმ ტრავმა ალექს სანდროსთან კონტაქტის შედეგად მიიღო.
შეგახსენებთ, რომ რონალდუს ტრანსფერის და „იუვენტუსიდან“ შესაძლო წასვლის შესახებ უცხოური მედია აქტიურად წერს. მას ყველაზე მეტად „მანჩესტერ სიტისა“ და „პარი სენ ჟერმენს“ უკავშირებენ. „იუვენტუსი“ კი 28 აგვისტოს, საკუთარ მოედანზე „ემპოლის“ დაუპირისპირდება.