მადრიდის „რეალმა“ „პარი სენ ჟერმენს“ კილიან მბაპეს ტრანსფერის შესახებ პირველი შეთავაზება გაუკეთა. ინფორმაცია თავდაპირველად ესპანურმა მედიამ გაავრცელა და ფაბრიციო რომანომ დაადასტურა.
ფლორენტინო პერესმა პსჟ-ს 22 წლის ფრანგ თავდამსხმელში 160 მილიონი ევრო შესთავაზა, მაგრამ პარიზელებისგან ჯერჯერობით ტრანსფერზე მწვანე შუქი არ არსებობს და ეს წინადადება დაბლოკეს. მიუხედავად ამისა, „რეალი“ მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს და საჭიროების შემთხვევაში შეთავაზებაც გაზარდოს.
აღსანიშნავია, რომ მბაპემ პარიზულ კლუბს კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2022 წელს იწურება, უარი უთხრა, მიუხედავად იმისა, რომ პირობები გაუმჯობესებული იყო. ფეხბურთელს მადრიდულ გრანდში თამაში სურს.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-მ 2017 წელს „მონაკოდან“ დაიმატა. მან მიმდინარე სეზონში სამ მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 1 კვირაა დარჩენილი და „რეალს“ დრო მანამდე აქვს.