ჭიდაობა

18:07 | 21.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო ჩხიკვაძის ვერცხლის მედალი ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე

რუსეთის ქალაქ უფაში მიმდინარე ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დიეგო ჩხიკვაძემ (63 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა და საქართველოს ყულაბას პირველი მედალი შესძინა.

63 კგ წონით კატეგორიაში დიეგო ჩხიკვაძემ ასპარეზობა კვალიფიკაციიდან დაიწყო და ფრანგ იანის დრის ნიფრის 9:0 აჯობა, მერვედფინალში ფინელი კასპერი კრისტიან კაუჰანენი 8:1 დაამარცხა, მერე თურქ ისმაილ ორუჩოღლის 3:0 სძლია, ხოლო ნახევარფინალში შვედი ნიკლას პონტუს ოლენი 6:0 დაამარცხა. ფინალში ქართველი მოჭიდავე რუს საიდ ხუსეინ ბაკაევს დაუპირისპირდა და 0:10 წააგო, შედეგად ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა რუს სილამ ალიევთან (0:8), მაგრამ რუსი ფინალში გავიდა და ქართველმა რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ჯერ ყირგიზ ბაკდაულეტ ეგენბერდიევს 10:0 მოუგო, მერე თურქი იუქსელ სარიჩიჩეკი 6:2 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის მოლდოველ ალექსანდრი გუტუს შეხვდა, რომელსაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია, 0:9 წააგო და მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

72 კგ წონით კატეგორიაში ფინალში გავიდა გიორგი ჩხიკვაძე, რომელმაც ბელარუსი ანდრეი კავალეუსკი (10:0), აზერბაიჯანელი ხასაი ჰასანლი (11:0) და სომეხი შანტ ხაჩატრიანი (8:1) დაამარცხა. 22 აგვისტოს, ფინალში ჩხიკვაძის მეტოქე რუსი ევგენი ბაიდუსოვი იქნება.

გუშინ სამმა ქართველმა მოჭიდავემ იასპარეზა - გიორგი მეტრეველი (87 კგ) პირველივე შეხვედრაში დამარცხდა ყირგიზ ნარტუ აბდურახმანოვთან 7:9, ვერც მისი მძლეველი გავიდა ფინალში და მეტრეველმა ასპარეზობა დაასრულა. 130 კგ წონით კატეგორიაში კი მათე გოქაძემ საწყის ეტაპზე ადოლფ ბაშოსთან 1:4 წააგო, მერე ვერც უნგრელი გავიდა ფინალში და ქართველი ასპარეზობას გამოეთიშა.

დღეს უმედლოდ დარჩა დიმიტრი ხაჩიძე (60 კგ), რომელმაც კვალიფიკაციის შეხვედრა თურქ მერთ ილბარსთან 1:6 წააგო, მერე თურქიც დამარცხდა და ჩვენებური ასპარეზობას გამოეთიშა. ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ლუკა ოჩიგავას (67 კგ), რომელმაც შვედი მიხალის ბარბანოსი 10:0 დაამარცხა, მერვედფინალში აზერბაიჯანელ ჰარსათ ჯაფაროვთან 3:12 წააგო, მაგრამ მისი მეტოქე ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში გაიყოლა, სადაც 22 აგვისტოს ფინელ ნესტორ კალე მანილას დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის რუს მუსლიმ იმადაევთან იჭიდავებს. იგივე შანსი აქვს საბა მამალაძეს (82 კგ), რომელმაც აზერბაიჯანელ მურად აჰმადიევს 11:0 მოუგო, მეოთხედფინალში სომეხ კარენ ხაჩატრიანთან 1:8 წააგო, სომეხი ფინალში გავიდა და ქართველი რეპეშაჟში უნგრელ დომინიკ მეზეის გაეჯიბრება, რომელთანაც მოგების შემთხვევაში ბრინჯაოს მედლისთვის ინდოელ რავი მალიკს შეხვდება. მედლის გარეშე დაასრულა ასპარეზობა ლაშა ტვილდიანმა (97 კგ), რომელმაც კვალიფიკაციის ბრძოლა უზბეკ აბრორბეკ ნურმუხამედოვთან 1:4 წააგო, მერე უზბეკიც დამარცხდა და ჩვენებურმა ასპარეზობა დაასრულა.

ამრიგად, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების აქტივში ერთი ვერცხლის მედალია. შეჯიბრის ბოლო დღეს კიდევ ერთი მედალი (ოქრო ან ვერცხლი) გარანტირებულია, ხოლო ორი ქართველი რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

0.11677