ფეხბურთი

15:23 | 20.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ბორდალასი: "სილესენი დაგვიბრუნდა, მაგრამ მამარდაშვილი მართლაც კარგი იყო"

ესპანური „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ბორდალასმა „გრანადასთან“ ლა ლიგის მეორე ტურის წინ პრესკონფერენცია გამართა და გიორგი მამარდაშვილზე კომენტარი გააკეთა.

წამყვანი ესპანური გამოცემების ვერსიით, 20 წლის ქართველი ისევ ძირითად შემადგენლობაში იქნება, თუმცა „ღამურების“ თავკაცმა პრესკონფერენციაზე უპასუხა შეკითხვას, აპირებს მეკარის შეცვლას თუ ისევ გიორგი მამარდაშვილს ათამაშებს და გადაჭრით არაფერი თქვა:

“ჩვეულებრივ, ძირითად შემადგენლობას არ ვამბობ საჯაროდ, სანამ თვითონ მოთამაშეები არ გაიგებენ. გიორგი მართლაც კარგი იყო და სილესენი შესანიშნავი მეკარეა. შეგვიძლია ჩვენს განკარგულებაში ყველა მეკარე გვყავდეს, ხაუმეს გარდა და ეს ზღაპრული ამბავია. ვინ ითამაშებს, ამას ხვალ გაიგებთ. იასპერი კარგადაა და ვარჯიშობს, ის მატჩისთვის გამოძახებულია“, - თქვა ბორდალასმა.

შეგახსენებთ, მამარდაშვილმა პრესეზონის დროს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ოთხივეში ძალიან კარგად გაისარჯა, რასაც ლა ლიგაში დებიუტი მოჰყვა („ხეტაფესთან“). ამ მატჩში 20 წლის ქართველი იმდენად კარგი იყო, რომ ტურის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, სიმბოლურში მოხვდა და მისი ერთ-ერთი სეივი (ჯამში 4 სეივი ჰქონდა), ტურის სეივებში პირველ ადგილზე გავიდა, ამდენად, ლოგიკურია, რომ ბორდალასი ისევ მას დაეყრდნობა. ნიჭიერ მეკარეს "ვალენსიაში" სულ 5 მატჩი აქვს ჩატარებული და ოთხჯერ კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსია“ 21 აგვისტოს სტუმრად „გრანადას“ შეხვდება (თბილისის დროით 21:30 საათზე). გავიხსენოთ, რომ გრანადაში მამარდაშვილს უკვე ნათამაშები აქვს, გასული წლის შემოდგომაზე, ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის „ლოკომოტივის“ რიგებში. მაშინ, გიორგიმ ორი გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც შესანიშნავად ითამაშა და ქართული გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

0.116371