„პარი სენ ჟერმენისა“ და იტალიის ნაკრების მეკარემ, ჯანლუიჯი დონარუმამ „მილანის“ დატოვების მიზეზებზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, მინო რაიოლას გადაწყვეტილება არ მიუღია და არჩევანი თვითონ გააკეთა. 22 წლის კარის დარაჯის თქმით, მისი და კლუბის ამბიციები განსხვავებული იყო.
„არ მინდა გასულ სეზონზე საუბარი, რადგან დღეს ამას აზრი არ აქვს. „მილანში“ რვა წელი გავატარე, ჩემი სახლი იყო და მშვენიერი მომენტები გამოვიარე. მე დიდ პატივს ვცემ იქ მყოფ პერსონალს და გულშემატკივრებს. როდესაც გავიგე, რომ გაზიდისი ავად არის, მივწერე და მოვიკითხე. თუმცა ცხოვრებაში არჩევანის გაკეთება გიწევს, ჩვენ განსხვავებული ამბიციები გვქონდა, მაგრამ ყოველთვის ვიქნები „მილანის“ გულშემატკივარი. 8 წელს ვერ დავივიწყებ, თუმცა, ცვლილებები მჭირდებოდა, რომ გავიზარდო, განვითარდე და ყველაზე ძლიერი გავხდე. ვიგრძენი ახალი რეალობის საჭიროება.
ჩემი ოჯახი ყოველთვის თავისუფლებას მანიჭებდა არჩევანში და ასე მოიქცა რაიოლაც. ის თავისი კლიენტების სურვილებსა და აზრს 100%-ით სცემს, მაგრამ ამავდროულად ყველაფერს აკეთებს მათი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ვფიცავ, რომ „მილანი“ როცა დავტოვე, სხვა კლუბებთან კონტაქტი არ მქონია, თუმცა, ვიცოდი, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგი თამაშის შემთხვევაში ინტერესი გაიზრდებოდა“, - თქვა დონარუმამ.
შეგახსენებთ, ჯანლუიჯი დონარუმა „მილანში“ 2015 წლიდან თამაშობდა 251 მატჩში მიიღო მონაწილეობა. ის „პარი სენ ჟერმენში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. დონარუმა ევრო 2020-ის საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონი გახდა.