მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, ლონდონის მარათონი მომავალ წელსაც ოქტომბერში გაიმართება. საერთოდ, ის აპრილში იმართებოდა ხოლმე, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ, ოქტომბერში ზედიზედ მესამედ ჩატარდება.
წელს მარათონი 3 ოქტომბერს ჩატარდება, მომავალი წლის თარიღი კი 2 ოქტომბერია.
„ჩვენ გვჯერა, რომ 2022 წლის მარათონის ოქტომბერში გადატანით, ჩვენ ლონდონის ქუჩებში მსოფლიოს მოვიწვევთ და კეთილი საქმეებისთვის ათობით მილიონის შეგროვებას შევძლებთ“, - ამბობს ლონდონის მარათონის შეჯიბრის დირექტორი ჰიუ ბრეშერი.
რაც შეეხება წლევანდელ მარათონს, ის ძველ მარშრუტზე ჩატარდება, რომელიც გრინვიჩიდან მოლამდე არსებულ ქუჩებზე გადის. შარშან ორგანიზატორებმა პერიმეტრის უკეთ კონტროლისთვის, გარბენი სენტ ჯეიმს პარკის გარშემო, რამდენიმე წრეზე ჩაატარეს.
ორგანიზატორებმა ასევე გამოაცხადეს, რომ 50 000-მდე მორბენალს იმის საშუალებას მისცემენ, რომ 42.195-კილომეტრიანი დისტანცია, მათთვის ხელსაყრელ ლოკაციაზე ირბინონ და ლონდონის მარათონზე სიმბოლურად იასპარეზონ.