ფეხბურთი

22:49 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსმა" ბრაზილიელი თავდამსხმელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ ნიჭიერი ბრაზილიელი ფეხბურთელის, კაიო ჟორჟეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

19 წლის თავდამსხმელი 2 აგვისტოდან ტურინში იმყოფებოდა, მაგრამ კარანტინის გავლა მოუწია და მისი ტრანსფერი ტურინულმა გუნდმა ახლახან დაადასტურა. კაიო ჟორჟემ „იუვესთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, ეს ჩემი ბავშვობის ოცნებაა. ველოდები „იუვეში“ დიდი ხნით დარჩენას, რადგან ეს არის დიდი გუნდი, ერთ-ერთი უდიდესი ევროპაში. ჩამოვედი საბრძოლველად, გამარჯვებისთვის და იმედი მაქვს, რომ დამიფასდება და აქ ჩემპიონი გავხდები. ტაქტიკური მოთამაშე ვარ, ჭკვიანი და მოედანზე ბევრს ვმოძრაობ.

21 ნომერი ავირჩიე, რადგან აქ მას დიდი ფეხბურთელები ატარებდნენ: პირლო, დიბალა, ზიდანი და იგუაინი. ასე რომ, იმედი მაქვს, რომ ამ მაისურით ბევრ გოლს გავიტან. გულშემატკივრები? მინდა მათ მადლობა გადავუხადო და მივესალმო. ისევე, როგორც თანაგუნდელებს კარგად მიღებისთვის. ჩემი მიზანია რაც შეიძლება ბევრი გოლი გავიტანო და თანაგუნდელებს დავეხმარო. უფლის ნებით მოვიგო ტიტულები, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა“, - თქვა კაიო ჟორჟემ.

აქვე გეტყვით, რომ კაიო ჟორჟე „სანტოსის“ აკადემიის აღზრდილია, რომლის მაისურით 84 თამაშში 17 გოლის გატანა შეძლო.

0.121192