„იუვენტუსის“ ყოფილმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ The Athletic-ს ინტერვიუ მისცა და მან ვრცლად ისაუბრა თავის სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებზე, ფეხბურთის ხედვასა და სამომავლო გეგმებზე.
„ფანტასტიკური ზაფხული იყო. დავიბრუნეთ საერთაშორისო ტურნირზე გამარჯვება დიდი ხნის შემდეგ. არ არსებობს უფრო დიდი სიხარული, ვიდრე ეროვნულ ნაკრებთან გამარჯვებაა. მანჩინიმ შესანიშნავი სამუშაო გასწია, იტალია თამაშობს როგორც გუნდი და ძალიან კონკრეტული იდენტობა აქვს.
ახალი თაობის მწვრთნელებს სურთ რაღაც განსხვავებული შემოგვთავაზონ. ჩემთვის ფეხბურთი ამ მიმართულებით მიდის და გვარდიოლამ ეს ბოლო წლებში აჩვენა. თუ თამაშს არ აკონტროლებ, ძნელი წარმოსადგენლია, რომ გაიმარჯვებ. რა თქმა უნდა, შეიძლება ბურთის ფლობის 90% გქონდეს და კარში ერთი დარტყმით წააგო, მაგრამ მირჩევნია ასე წაგება, ვიდრე მთელი თამაში საკუთარ საჯარიმოში გავატარო და მხოლოდ კონტრშეტევებზე ვცადო გოლების გატანა.
„იუვენტუსში“ ბევრი ვისწავლე. ეს იყო ჩემი პირველი სამწვრთნელო გამოცდილება, მაგრამ ძალიან ინტენსიური სეზონი იყო, რომელიც ერთი ამხანაგური მატჩით დავიწყეთ. ყველაფერი ძალიან სწრაფად წარიმართა. სამ დღეში ერთხელ ვთამაშობდით, მაყურებლების გარეშე, არ შეგვეძლო ვარჯიში მომდევნო მატჩის წინ და ასეთ დროს ძნელია რაღაც ახალის გამოცდა. უფრო მნიშვნელოვანია აღდგენა, ვიდრე ნებისმიერი სახის ტაქტიკური სამუშაო.
ვესტონ მაკკენი? ის ახალგაზრდაა და შეუძლია მომატება. ჩემი აზრით, ის არის ნახევარმცველი, რომელსაც შეუძლია 8 ნომრად თამაში სამკაციან ნახევარდაცვაში, როგორც მარჯვნივ, ისე მარცხნივ. საჯარიმოში კარგად ერთვება, მაგრამ ასევე ძალიან კარგია ბურთის მოპოვებაში. მისი როლი სამკაციან ნახევარდაცვაშია. გასულ წელს სხვა სისტემით ვთამაშობდით, ამიტომ, მას მოუწია ამასთან ადაპტირება.
შემეძლო მეტის გაკეთება, მაგრამ როდესაც შედეგი არ მიიღწევა, პირველი პასუხისმგებელი მწვრთნელია. უნდა ვიმუშაო უკეთესობისთვის. ეს იყო წელიწადი, როდესაც ძალიან გავიზარდე. ვუყურებ მატჩებს და ვარჯიშებს ინტერნეტით. ბევრ მწვრთნელს ვაკვირდები. იბიცაზე პოჩეტინოს შევხვდი და მან პარიზში მიმიწვია, მინდა მანჩესტერში გვარდიოლასთან ჩავიდე. თუმცა, მზად ვარ ახალი თავგადასავლებისთვის და ვფიქრობ, უცხოეთში მუშაობა შემიძლია. სამი წელი ამერიკაში ვითამაშე და ინგლისური ენა კარგად ვიცი, ასევე ვიცი ფრანგული ენაც“, - თქვა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა პირლომ „იუვენტუსს“ გასულ სეზონში იტალიის თასი და იტალიის სუპერთასი მოაგებინა, მაგრამ ორი ტიტულის მიუხედავად სეზონის ბოლოს სამსახურიდან გაათავისუფლეს.