ფეხბურთი

20:07 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

რუსი მეკარე: "ხვიჩაზე "ნაპოლი" მესაუბრა, მათ შორის 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი"

ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა რუსლან ნიგამტულინმა განაცხადა, რომ თავის დროზე „ნაპოლიდან“ პირადად მას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაუკავშირდნენ. რუსეთის ნაკრების, „სპარტაკის“, ცსკა-ს, „ლოკომოტივის“, „ვერონასა“ და „სალერნიტანას“ ექსმეკარის თქმით, „რუბინმა“ ტრანსფერში ძვირი მოითხოვა.

„ბევრი საუბარია ხვიჩა კვარაცხელიაზე, მაგრამ ვინ იყიდა? ხვიჩას შესახებ „ნაპოლიდან“ პირადად გასულ ზაფხულს დამიკავშირდნენ. მათ შორის იყო 2006 წლის მსოფლის ჩემპიონი იტალიის ნაკრების შემადგენლობიდან. „რუბინმა“ ძალიან მაღალი ფასი დაადო - 20 მილიონი ევრო. ამიტომაც, მოლაპარაკებები არ გაგრძელდა და სწრაფად ყველაფერი გაქრა. ვინ არის ეს მსოფლიოს ჩემპიონი? მოდით, გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ხვიჩას ვურჩევდი, რომ არა სერია A-ში, არამედ ბუნდესლიგაში გადავიდეს. მაგალითად, „დორტმუნდში“, ის უფრო მოუხდება“, - თქვა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ნიგმატულინმა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 6 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარში ერთი გოლი გაიტანა. 20 წლის ქართველ ფეხბურთელს „რუბინთან“ კონტრაქტი კიდევ 3 წელი აკავშირებს, ხოლო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ზუსტად ორი კვირაა დარჩენილი.

0.111301