ფეხბურთი

15:15 | 17.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

ახლა უფრო იაფი, გაისად უფრო ძვირი: რამდენი უნდა გადაიხადოს "ვალენსიამ" მამარდაშვილის გამოსასყიდად

ესპანური „ვალენსია“ გიორგი მამარდაშვილის გამოსყიდვას გეგმავს, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხდება ეს. ფეხბურთელი „ღამურების“ რიგებში იჯარით 2022 წლის 30 ივნისამდეა.

როგორც Plaza Deportiva წერს, თუ ვალენსიელები გიორგის მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გამოისყიდიან 650 000 ევროს გადახდა მოუწევთ, ხოლო მომდევნო წელს გამოსასყიდი თანხა 900 000 ევრომდე გაიზრდება.

ამდენად, „ვალენსიაში“ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, მაგრამ გიორგის თამაშიდან გამომდინარე, მოსალოდნელია, რომ ესპანელები სატრანსფერო უფლებებს „დინამო თბილისიდან“ მიმდინარე წლის ბოლომდე გამოისყიდიან, მითუმეტეს, რომ ასე ფასი უფრო დაბალია.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიამ“ ერთწლიანი იჯარით დაიმატა. მან პრესეზონის დროს 4 ამხანაგური მატჩი ჩაატარა, სამჯერ კარი მშრალად შეინახა და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, ხოლო ამას მოჰყვა ლა ლიგაში „ხეტაფესთან“ (1:0) იდეალური დებიუტი, რის შედეგადაც ის ტურის საუკეთესო მეკარედ ლა ლიგამ დაასახელა, სხვადასხვა გამოცემებმა კი სიმბოლურში შეიყვანეს.

0.11415