ედრიან ნიუი თანამედროვე ფორმულა 1-ის ყველაზე გამორჩეული ინჟინერია. ის აქ უკვე 30 წელი მუშაობს და ამ დროში, სამი გუნდისთვის ათი ჩემპიონი მანქანა შექმნა. ამჟამად ის „რედ ბულის“ ტექნიკური დირექტორია მთავარი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ მაქს ფერსტაპენი ტიტულისთვის იბრძვის.
მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ სახელოვანი ინჟინერი ყოველთვის ცდილობს, მეტოქე გუნდების ტექნიკურ სიახლეებს დააკვირდეს და საჭიროების შემთხვევაში, მათგან სიახლეები თავადაც გაიზიაროს.
„ყველა გუნდს ყჰავს მაღალი კლასის ფოტოგრაფები, რომლებიც ყოველ სარბოლო უქმეებზე, ასობით ფოტოს უღებენ მეტოქეთა მანქანებს. მე კი მირჩევნია, რომ თავად დავათვალიერო მანქანები, მათ ირგვლივ ვიარო და ყველაფერს 3D ფორმატში ვუყუროთ. იმას, რასაც ამ დროს ვამჩნევ, ფოტო ვერ გადმომცემს“, - ყვება ნიუი.
ის დასძენს, რომ მანქანების ფოტოების თვალიერებას ბევრი დრო სჭირდება, რისი ფუფუნებაც მას არ აქვს. „ჩემთვის უფრო მარტივია, მათი უშუალოდ დათვალიერება. ამ დროს, შეიძლება ჩემი ყურადღება რამე სიახლემ მიიქციოს. ეს შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს. მე ბევრ დროს ჩვენი მანქანის თვალიერებასაც ვუთმობ. სხვადასხვა კუთხით ვუყურებ და ვხედავ იმას, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. მერე იმას ვადარებ, რასაც მეტოქეები აკეთებენ. ამ დროს შეიძლება ახალი იდეაც დაიბადოს. და ეს შეიძლება პირდაპირი გაზიარება არც იყოს. აუცილებლად გავიაზრებ ხოლმე იმას, რაც სხვებმა გააკეთეს, რატომ გააკეთეს და შეიძლება თუ არა, რომ მსგავსი იდეა ჩვენც გამოგვადგეს“, - დასძენს ნიუი.