ავტოსპორტი

0:12 | 14.08.2021 | ნანახია [] - ჯერ

მიამი ფორმულა 1-ის რბოლას მაისში უმასპინძლებს

ფორმულა ერთის მთავარი აღმასრულებელი სტეფანო დომენიკალი ადასტურებს, რომ მაიამის პირველი დიდი პრიზი მომავალ წელს, მაისში გაიმართება. ამგვარად, ეს იქნება მეორე რბოლა, რომელიც ერთ სეზონში შეერთებულ შტატებში ჩატარდება.

„ჯერ მიმდინარე სეზონის ნახევარი გავიარეთ, მაგრამ მომავალი სეზონის დაგეგმვაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. იმედი მაქვს, რომ კალენდრის წინასწარ ვარიანტს სექტემბერში, ან ოქტომბერში გამოვაქვეყნებთ. შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ მაიამის დიდი პრიზი, რომელსაც დიდხანს ველოდით, მაისის პირველ ნახევარში ჩატარდება. ბილეთებზე მოთხოვნა მაღალია. თუმცა გაყიდვები ჯერ ოფიციალურად არ დაწყებულა“, - ამბობს დომენიკალი.

რაც შეეხება თარიღს, საკმაოდ უცნარია, რომ ამერიკაში რბოლა მონაკოს წინ დაინიშნა. უცნაური იმიტომ, რომ ლოჯისტიკურად, ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. როდესაც კალენდარს მექსიკა და ოსტინის (აშშ, ტექსასი) რბოლები დაემატა, ისინი კალენდარში ერთმანეთის მიყოლებით ჩასვეს. ორივე შემოდგომაზე იმართება. და მათ ერთი კვირა აშორებს.

საქმე ისაა, რომ მაიამის რბოლასაც თუ შემოდგომაზე დანიშნავდნენ, ამით ორივე ამერიკული და ერთიც მექსიკური ეტაპი იზარალებდა, რადგან მიყოლებით ერთმანეთის სიახლოვეს სამი რბოლის გამართვა, ბილეთების გაყიდვაზე უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება მაიამის ტრეკს, მისი სიგრძე 5.41 კილომეტრია და აქვს 19 მოსახვევი. ის ქალაქის „ჰარდ როკ სტედიუმის“ სიახლოვეს განლაგდება. ტრეკზე 3 ადგილია, რომლებშიც DRS ზონების მოწყობა შეიძლება. ტრეკზე მაქსიმალური სიჩქარე გათვლებით 320 კმ/სთ-ს აღწევს.

0.11621